დისნეილენდის პარკი უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰაიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.
დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისთვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ-კონგსა და პარიზში, თუმცა ერთადერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი.
დისნეილენდს ჰყავს უფრო მეტი სტუმარი, ვიდრე რომელიმე სხვა გასართობ პარკს. 2021 წლის მონაცემებით, გახსნის დღიდან დისნეილენდი მოინახულა 757 მილიონმა სტუმარმა. 2022 წელს მან უმასპინძლა დაახლოებით 16.9 მილიონ სტუმარს და მნახველთა რაოდენობის მხრივ წლიური შედეგებით სიაში რიგით მეორე იყო. 2005 წლის მარტის ინფორმაციის მიხედვით, პარკში დასაქმებულია 65.700 ადამიანი, აქედან 20.000 – დისნეის თანამშრომლები, ხოლო 3000 – მესამე პირის კონტრაქტორები ან მათი დირექტორები.