Search logo

"უცნაური გრძნობაა როცა ქუჩაში დადიხარ და ხვდები რომ შენი ტოლები და ყველა უფროსი ამ სისხლიან გენოციდს გადარჩენილია" - მარი მდივანის მოგზაურობა კიგალიში

"უცნაური გრძნობაა როცა ქუჩაში დადიხარ და ხვდები რომ შენი ტოლები და ყველა უფროსი ამ სისხლიან გენოციდს გადარჩენილია" - მარი მდივანის მოგზაურობა კიგალიში

რუანდა, კიგალი
აკაგერას ეროვნული პარკი
ჩემი მოგზაურობა აფრიკაში ივლისში დაიწყო.
რუანდას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ერთ-ერთ უდიდეს კონფერენციაზე მიმიწვიეს ქალთა უფლებების შესახებ და მეც ასე აღმოვჩნდი ამ უცნაურ ქვეყანაში, და აქვე მადლობა Marusia Vashakidze-Rodgers , რომელიც ალბათ ერთადერთი ქართველია რომელმაც ასე კარგად იცის იქაურობა და კარგი რჩევები მომცა!
კიგალი პარადოქსების ქალაქია, უმდიდრესი სასტუმროების ჩრდილში უღარიბესი ხალხი ცხოვრობს. ქალაქს 1994 წლის გენოციდის კვალი ახლაც ეტყობა, რომელმაც 800 000 ადამიანი შეიწირა. ქალაქში მოხუცი ადამიანი არ შემხვედრია. უცნაური გრძნობაა როცა ქუჩაში დადიხარ და ხვდები რომ შენი ტოლები და ყველა უფროსი ამ სისხლიან გენოციდს გადარჩენილია, მაგრამ მათ შორის შეიძლება ისინიც იყვნენ, რომლებიც მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობას იღებდნენ. როგორც ამბობენ ერთმანეთს აპატიეს, რომ ცხოვრება გაეგრძელებინათ, მაგრამ  გენოციდის მუზეუმის ნახვის შემდეგ ამის დაჯერება რთულია. ეს ერთ-ერთი მთავარი ადგილია რომელსაც კიგალში უნდა ესტუმროთ.
ასევე სანახავი ადგილია კიმირონკოს ბაზარი,  რომელმაც რატომღაც 90 წლების ქუთაისის კეჩის ბაზარი გამახსენა, მაგრამ იმ განსხვავებით რომ შესასვლელთან წითელ ჟილეტიანი ბიჭები დაგხვდებიან რომლებიც ბაზარში მეგზურობას შემოგთავაზებენ და ძალიან რთულია გადააფიქრებინო( 1 ან 2 ევროს ელიან სანაცვლოდ). თავად ბაზარში კი ასობით გამყიდველი შემოგეხვევათ, რომლებიც თავიანთ სახელებს და ისტორიებს გიყვებიან და გთხოვენ მათი დახლები ნახოთ, ყველა ერთხმად გიხსნის რომ მისი ნივთები ბაზარში ყველაზე კარგია და ყიდვა აუცილებელი არ არის უბრალოდ უნდა გაჰყვე. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკი იყო, უარს ვერ ვეუბნებოდით, ყველა დახლთან მივდიოდით და ვცდილობდი რამე გვეყიდა,ფასები საკმაოდ დაბალია, თუ შეევაჭრებით კიდევ უფრო დაბალი იქნება. საბოლოოდ ერთმა გერმანელმა გოგომ გვიშველა, რომელიც ნაკლებად გულჩვილი იყო და გამოგვიყვანა. შევაჭრება განსაკუთრებით რთულია თუ ბაზარში წასვლამდე გენოციდის მუზეუმს ნახავთ და მიხვდებით თუ რისი გამოვლა მოუწია ამ ხალს.
ადგილობრივი პატარ-პატარა არტ მაღაზიებიც ძალიან კარგი სანახავია. ბევრი სამკაულებით და ფერადი ნაჭრებით, კაბებსაც იქვე შეკერავენ თუ სურვილი გექნებათ.
ბუნებას რაც შეეხება, კიგალი ძალიან მწვანეა, ულამაზესი მცენარეები და ხეებია მთელს ქალაქში, ივლისში ტემპერატურაც კარგი იყო ჩემი იქ ყოფნის პერიოდში 27 გრადუსს არ ასცილებია, თუმცა ეკვატორთან ახლოსაა ამიტომ 6 საათზე უკვე სიბნელე იყო. 
საკვებიც კარგი აქვთ, ლობიოს ზუსტად ჩვენსავით აკეთებენ. შემწვარი ბანანი  შემწვარ კარტოფილს ჰგავს  და ძალიან გემრიელად დავიწყე ჭამა  სანამ არ მივხვდი რომ ეს ის არ იყო რაც მე მეგონა.
ადგილობრივი ჩაი აქვთ, ბევრი სუნელებით და ჯინჯერით, ცოტა ხნით ნაპერწკლებს ვყრიდი ისეთი ცხარეა მაგრამ ღირდა გასინჯვად.


ს ა ფ ა რ ი - აკაგერას ეროვნული პარკი.

ერთი მთლიანი დღე საფარში, სადაც ვნახე ლომები, ჟირაფები, ზებრები, სპილოები, მაიმუნები, ბეჰემოთები, ალიგატორები, მარტორქები, პუმბა (არ ვიცი რა ჰქვია ცხოველს, ყველა პუმბას ვეძახდით) და  ნიამურები (ალბათ, არ ვარ დარწმუნებული ზუსტად რა ჰქვიათ) . ულამაზესი ტბები,  ტანზანიის მხარე, მთები და წითელი მინდვრები. ჟირაფების ნახვის დროს მეგონა ვიტირებდი, სინამდვილეში კიდევ უფრო ლამაზები არიან. 
ერთი დღის ფასი 200 დოლარია თუ ჯგუფურ ტურზე წახვალთ, ჩვენ 9 ვიყავით, ინდივიდუალურად 400-500 დოლარიც შეიძლება ღირდეს.  ფასში სასტუმროში მოკითხვა და დაბრუნება, საუზმე და სადილიც შედის. საკმაოდ ძვირია მაგრამ ღირდა ამ ემოციებში თანხის გადახდა.
ასევე ძალიან პოპულარულია მთებში გორილების სანახავად წასვლა თუმცა აქ ნებართვა საკმაოდ ძვირია, ერთ დღიანი ტურის ფასი 1000 დოლარია. 
თეთრკანიანი ხალხი მუზუნგები ვართ. ბავშვები ძალიან თბილები და საყვარლები არიან.
საერთო ჯამში ულამაზესი ადგილია, ხალხი ძალიან თბილია მაგრამ ყურადღება ერთი წუთითაც არ უნდა მოადუნოთ, ტელეფონების და ჩანთების გატაცებებიც ხშირად ხდება.

 

ბლოგის ავტორია :  მარი მდივანი

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე

მსგავსი პოსტები

მოგზაურობა აფრიკაში - 5 საუკეთესო ადგილი 2024 წლის მონაცემებით
"კულმინაცია იყო ცოცხალ ნიანგზე დაჯდომა, შვილიც კი დავსვი, მზარავს ამას რომ ვიხსენებ" - მაია ბუჩაშვილის მოგზაურობის ისტორია
"მასაი მარა - ამ სიტყვის გაგონებაც კი ველურ სამყაროში მაბრუნებს" - მირანდუხტ დავითულიანის მოგზაურობა აფრიკაში