მუზეუმი დაფუძნდა 1921 წელს. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 60-90-იანი წწ., არქიტექტორები გ. რაისი და ლ. ვასილევი), კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. - ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების ნიმუშები), ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილი);
სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის - აშილ მიურატის მეოხებით) რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიები, XV-XIX ს-ის ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი (5000 ფოტო), ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელი და სხვა. ფილიალი: იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი (ცაიში).
ისტორიული წარსულიდან ცნობილია, რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად. ამაზე ცნობებს გვაწვდიან არქანჯელო ლამბერტი, შარდენი, ქრისტეფორე კასტელი. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ირკვევა, რომ ზუგდიდი საკმაოდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა: «დიდ ველსა ზედა არს ზუგდიდი, სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე-გოდოლიანი «..დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი). დედოფლისეული სასახლე XIX ს-ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს, მის შესაქმენლად ათიათასამდე ხის პატარა დეტალია ხელით დამუშავებული და ასეა შექმნილი დაახლოებით ხუთ მეტრიანი მოზაიკა, სადა ცენტრალური ადგილი შვიდკუთხა გეომეტრიულ ფიგურას უჭირავს, მთლიანად აივნის მოზაიკურ გაფორმებაში დაახლოებით 50 ათასამდე ხის პატარა ორნამენტია გამოყენებული, ზუსტად არ არის ცნობილი ვინ არის აივნის არქიტექტორი, თუმცა გადმოცემის მიხედვით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს აივნის გასაკეთებლად ლაზეთიდან საუკეთესო ოსტატები მოუწვევია და მათთვის მანამდე არნახული არქიტექტურული ნიმუშის შექმნა დაუვალებია, ყოველი დეტალი თაფლში სხვადასხვა ტემეპრატურაზეა მოხარშული, რითაც მათ სხვადასხვა ფერადოვნება აქვთ მიღებული და ამიტომაც აივნის მოზაიკა უმშვენიერესია სანახავად.
ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.
მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე. (დამაარსებელი აკაკი ჭანტურია).
მის ფონდებში დაცულია 50000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.
არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები. ბრინჯაოს ცული დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ზუგდიდის რაიონისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი, აღმოჩენილი ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. თაგილონთან. საკმაო რაოდენობითაა მოპოვებული სპილენძის ზოდები მოწმობს ბრინჯაოს იარაღებისა და მათ შორის ცულების ადგილობრივ წარმოებას.
კოლხეთის ძველი მოსახლეობის საქმიანობის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა 1935 _ 36 წლებში ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიის მახლობლად დიხა-გუძუბების გათხრების შედეგად მოპოვებული მატერიალურ-კულტურული ძეგლები.
მუზეუმში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია: კოლხური თეთრი, რომაული, ბიზანტიური, XII-XIX საუკუნეთა ქართული, რუსული, უნგრული, პოლონური და სხვა მონეტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ. წ. I _ ახ. წ. II –ის კოლხური ოქროს მონეტა, იუსტინიანე I-ის (527-565) მონეტა.
მუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს; აგრეთვე XIII _ XVII სს-თა ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი.
ჯეგეთა
აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები:
მწიგნობართუხუცესის საბუხარი, რომელიც XVII ს-ის დამდეგს არის მოქარგული და ქართული ქარგვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია;
ექსპოზიციას ამშვენებს ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა.
უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX სს-ისა:
გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია;
თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული;
კარედი ხატი წმ. გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI);
ხატი წმ. გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი.
ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.
ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული:
წმ. მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი,
წმ. იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი.
წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ლუსკუმაში, რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფული გამოსახულებით. ლუსკუმის მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი.
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია XVI_XIX სს. უნიკალური ხელნაწერი წიგნები, მინიატურები და სიგელ-გუჯრები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიტერატურული არქივი, სადაც შემონახულია XIX-XX სს. გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა გრიგოლ ორბელიანის, პლატონ იოსელიანის, იონა მეუნარგიას, ნიკო ნიკოლაძის, თედო ჟორდანიას და სხვათა მიმოწერა.
განსაკუთრებულ საუნჯეს წარმოადგენს სამხედრო არქივი _ რუსეთის საიმპერატორო კარის არქივი და სამხედრო კანცელარია, მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ (XIXს-ის დასაწყისი), რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალურ-ეკონიმიკური და პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად.
მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილის ავეჯი, ქართული, ჩინური, იაპონური, ფრანგული, რუსული გამოყენებითი ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშები; ბროლის, ქაშანურის ჭურჭელი, მოვერცხლილი სერვიზი, ლარნაკები, ვაზები, ალბომი ოქროს ცურვილიანი ყდით, ქართული ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები _ ვერცხლის ქამრები, ხმლები.
ანდრია და ნიკო დადიანების იარაღები ჯილდოდ მიღებული
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრანგული ისტორიულ-კულტურული ძეგლები _ სურათები და წიგნები, რომელიც ორი გზით შემოვიდა მუზეუმში. ერთ ნაწილს წარმოადგენს დადიანების კარზე შეკრებილი კოლექცია, ხოლო მეორეს პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები.
პრინცი აშილ მიურატი ნაპოლეონის ცნობილი მხედართმთავრისა და სიძის (მისი დის, კაროლინ ბონაპარტის მეუღლის), ნეაპოლის მეფის, მარშალ იოაჰიმის შვილიშვილი იყო, რომელსაც ცოლად ჰყავდა დავით დადიანის ქალიშვილი სალომე. საფრანგეთში მონარქიის გაუქმების (1879) შემდეგ აშილი საქართველოში ჩამოვიდა და თან ოჯახური რელიქვიების დიდი ნაწილი ჩამოიტანა.
მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I-ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780-1838) პარიზში 1833 წელს. ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი «დოქტორი ფ. ანტომარკი», მარცხნივ ბრინჯაოს ნიღბის ჩამომსხმელების სახელები «ლ. რიშარი და კენელი» და ჩამოსხმის ადგილი «პარიზი». წინ ყელთან გაკეთებულ მედალიონს აწერია: «ნაპოლეონი _ იმპერატორი და მეფე», აგრეთვე ²»ფ. ანტომარკი» და ბრინჯაოს ჩამოსხმის წელი «1833».
მუზეუმს გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს XIXს.-XX ს-ის დამდეგის უცხოურსა და განსაკუთრებით ფრანგული წიგნების შესანიშნავ კოლექციას, სადაც უხვადაა წარმოდგენილი ნაპოლეონის ეპოქის მემუარული და სხვა სახის ლიტერატურა. აქ ინახება ნაპოლეონ I-ის კორესპონდენციები 32 ტომად, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი სრულად შემორჩენილი ეგზემპლარია; ფრანჩესკო ანტომარკის წიგნი «ნაპოლეონის უკანასკნელი წუთები», რომელიც მან 2 ტომად გამოაქვეყნა 1823 წელს და ლ. გალუას «იოაჰიმ მიურატის ისტორია» (1828წ.); აგრეთვე ფრანგული მხატვრული ლიტერატურის უმდიდრესი კოლექცია, ძვირფასი ენციკლოპედიები, ევროპული კლასიკური ოპერებისა და ოპერეტების კლავირები; საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური თხზულებები, მათ შორის მარი ბროსეს «ქართლის ცხოვრება» თეიმურაზ ბატონიშვილის ავტოგრაფითა და მინაწერებით. ბიბლიოთეკას ამშვენებს სამეგრელოს პრინცის ანდრია დადიანის საჭადრაკო პარტიების ლამაზი დაბოლოებანი, ანდრიას მეგობრის შიფერსის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემული კიევში 1903 წელს.
მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს ქართველი, რუსი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები.
ანდრია დავითის ძე დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკე იყო. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1900-1904 წლებში ანდრია მონტე-კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო. მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი (ლამაზი პარტიებისათვის).
მათ შორის განსაკუთრებულია გერმანელი ფერმწერის ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი. პორტრეტი პარიზშია შესრულებული 1865 წლის ახლო პერიოდში. სამეგრელოს სამთავროს გაუქმების (1857) შემდეგ ეკატერინე ჯერ რუსეთში, მერე კი ევროპაში ცხოვრობდა. პორტრეტზე გამოსახული წმ. გიორგის ბრინჯაოს მედალი დედოფალს გადაეცა 1853-1855 წლების რუსეთ-თურქეთის ომში გაწეული ღვაწლისათვის _ ერთ ბრძოლაში ის პირადად ხელმძღვანელობდა სამეგრელოს სამთავროს ჯარს. წმ. ეკატერინეს დიდი ჯვარი კი დედოფალს 1856 წელს უწყალობეს იმპერატორ ალექსანდრე II-ის კორონაციის დღეს.
დადიანების საგვარეულო კოლექციაში ინახება უცნობი მხატვრის შესრულებული სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის (1847-1903) პორტრეტი. აქვეა წარმოდგენილი ის იარაღი, რომლითაც ის და მისი ძმა ანდრია დადიანი დაჯილდოვდნენ ბალკანეთის ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის. ნიკომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა დადიანთა უნიკალური ბიბლიოთეკა. მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია, სასწავლებლები, უმწეოთა სახლები, აფთიაქები...
დადიანების სასახლეში დაცულია ფრანგი მხატვრის პიერ ბლანშარის რამდენიმე ათეული ნამუშევარი, რომლებიც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ საჩუქრად გადასცა ნიკო დადიანს. ბლანშარმა სამეგრელოს დედოფალი და დადიანები ოჯახის სხვა წარმომადგენლები პეტერბურგში, ალექსანდრე II-ის კორონაციის დღეს. კავკასიაში სტუმრობის დროს ბლანშარმა შექმნა ნამუშევრების მთელი სერია: “დაღესტანი”, “კახეთი”, “ტფილისი”, “თავისუფლება ქართულად” და ა.შ.