58 წლის ინგლისური ენის სპეციალისტმა მაია ბუჩაშვილმა მოგზაურობა 1979 წლიდან დაიწყო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ამ ეტაპზე 34 ქვეყანაშია ნამყოფი.
ქვეყნიდან პირველი გასვლა იყო ყირიმში, საერთაშორისო ბანაკში „არტეკი“, ხოლო სამოგზაუროდ წასვლა - 1992 წელს გერმანიაში, ქალაქ გიოტინგენში.
„მახსოვს, მატარებლით წავედით მოსკოვიდან, ქალაქ ლვოვში იყო საბაჟო კონტროლი. მიმდინარეობდა ჩხრეკა, პირდაპირი მნიშვნელობით, ხიზილალა გვქონდა დაბეჭდილი წაღებული, გახსნეს და მოურიეს - ფული ან ოქრო რომ არ ყოფილიყო ჩადებული. ფული ნამდვილად გვქონდა განსაზღვრულზე მეტი, მაგრამ ლვოვამდე მოვაგვარეთ ეს პრობლემა, ანუ ვაგონში გავიცანით გერმანელები და მათ ვთხოვეთ ფულის შენახვა. როგორც კი გავიარეთ საბაჟო კონტროლი, დაგვიბრუნეს უკან. პირველივე დღეს, რაც თვალში მომხვდა (გარდა საოცრად დახვეწილი ქალაქისა) იყო ის, რომ ხალხს ეცვა თავისუფლად, არავის ეკეთა მაკიაჟი და ერთმანეთს არ უყურებდნენ. მაღაზიები ისეთ სტილში იყო, როგორც ამ ეტაპზე ჩვენთან მოლებში, ანუ თავისუფალი არჩევანი. (იმ პერიოდში ჩვენთან გამყიდველი იდგა დახლის წინ და ყველაფერს გაწვდიდა). 2 წელიწადში ისევ ვესტუმრე ამ ქალაქს და გამიკვირდა, უკვე ყველა პროდუქტზე მიმაგრებული იყო დამცავები და ზედამხედველები იდგნენ ყველა კუთხეში „
მაიას სამოგზაურო გამოცდილება გაამდიდრა მანქანით ევროპაში მოგზაურობამ, რომელიც თითქმის 2 თვე გაგრძელდა. როგორც ინგლისური ენის სპეციალისტი და ბიზნეს ცენტრის მენეჯერი ამბობს ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი აქვს და ყველა ერთმანეთისგან გამორჩეულია, თუმცა ტაილანდში მოგზაურობას სხვა მოგზაურობებისგან გამოარჩევს. მაია ცხოველების დიდი მოყვარულია და ეგზოტიკური ცხოველების სიახლოვეს ყოფნამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა.
„საოცარი სიამოვნება მივიღე ეგზოტიკურ ცხოველებთან სიახლოვით, მოვიხიბლე თავისუფალი, ველური ზოოპარკით, სადაც ისინი თავიანთ სამფლობელოში დანავარდობდნენ და ჩვენ მანქანებში ვისხედით. აღმოვჩნდი სპილოს ზურგზე, ვიცურავე დელფინებთან ერთად და კულმინაცია იყო ცოცხალ ნიანგზე დაჯდომა, შვილიც კი დავსვი, ახლა უფრო მზარავს, ამას რომ ვიხსენებ. გავსინჯე შემწვარი ქარიყლაპია. შეიძლება ეს ყველაფერი დღეს გასაკვირი არაა, მაგრამ იმ პერიოდში საოცრება იყო.
ასევე, ვიყავი ეთნო-ტურზე, უნდა გვენახა სოფლის ცხოვრება და ქორწილის იმიტაცია, მე გავედი, როგორც პატარძალი, შემმოსეს ტრადიციულად, მაცეკვეს და „დამაქორწინეს“ თავიანთი ტრადიციის სრული წესების დაცვით. „
ეგზოტიკის მოყვარულ მოგზაურს უამრავი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ისტორია აქვს გასახსენებელი. მათ შორის ერთ-ერთი კანარის კუნძულებზე მოგზაურობას უკავშირდება :
„წყნარ ოკეანეში გემი გააჩერეს, უნდა ეჩვენებინათ ზვიგენების მოსვლა გემთან, სისხლს გადაასხამდნენ წყალში და მოვიდოდნენ ზვიგენები. ერთ-ერთი მგზავრი უცებ გადახტა წყალში, როგორც აღმოჩნდა, ნასვამ მდგომარეობაში, ვის ახსოვდა ზვიგენი, სასწრაფოდ ჩააგდეს ბადე, ჩაუშვეს კიბეც და ამოუყვანეს.
უკვე ვართ ლას-პალმასში კანარიზე, გავედი სანაპიროზე და მიმდინარეობდა კინოგადაღება პლაჟზე, ვინც იქ ვიყავით, მიგვიწვიეს მასიურ სცენებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან მწყდება გული, რომ არ ვიკითხე, რა ფილმს იღებდნენ“
მოგზაურობის დაუვიწყარ მოგონებებს თითქმის ყოველთვის ახლავს უსიამოვნო ფაქტებიც. მაიას შემთხვევაში ასეთი შემთხვევა რომში, კოლიზეუმთან მოხდა, როდესაც ბავშვებმა ჯიბიდან დიდი რაოდენობით თანხა ამოაცალეს...
მიუხედავად ამ უსიამოვნო შემთხვევისა მას არც მოგზაურობა შეუწყვეტია და სამომავლოდაც გეგმავს ახალი ეგზოტიკური ადგილების აღმოჩენას. სამოგზაურო მარშრუტს ხშირად სამსახურებრივი საქმე უჩვენებს. თუ მივლინებით უწევს წასვლა ცდილობს დრო დაუთმოს ახლო მდებარე ქალაქების დათვალიერებასაც.
ყველა დამწყებ მოგზაურს კი ურჩევს წელიწადში ერთხელ მაინც დაგეგმონ ტური საზღვარგარეთ. იქირავეთ სუფთა და ბიუჯეტური სასტუმრო ქალაქის ცენტრში და იარეთ ფეხით ბევრი. შესაძლებლობა რომელიც დღეს გვაქვს უნდა გამოვიყენოთ და უარი არ უნდა ვთქვათ სიახლეებით სავსე ცხოვრებაზე.