მე 3 პატარა შვილის დედა ვარ, საქართველოს კვალობაზე საშუალო შემოსავლით და ასევე საშუალოზე ბევრად მეტი „გასავლით“. თუმცა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც გამომდის, გავძვრე ხოლმე საზღვარგარეთ და მოვიწყო „მოგზაურობა“
დიახ. სიტყვა მოგზაურობა შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში, რადგან მაქსიმუმი, რა დროითაც სადმე წასვლას ვახერხებ, არის ხოლმე 2-3 ღამე.
შევეცდები დავწერო “ინსტრუქცია” და გავცე პასუხი ბევრი შინაურის მილიონჯერ დასმულ კითხვას “როგორ ახერხებ”
სიმართლე გითხრათ, ხანდახან მეც არ ვიცი, როგორ ვახერხებ… ერთი ჯადოსნური ბლოკნოტი მაქვს, სადაც 2009 წლიდან დაწყებული ყველა საზღვრის კვეთა მაქვს დეტალურად გაწერილი : მიმართულება, თარიღი, მიმდინარე ევროს კურსი (ეს რად მინდა, არ ვიცი, მაგრამ მაინც ) და ხარჯები..
რომ ვაკვირდები, 14 წლის მანძილზე, 5 წლიანი ერთმანეთზე მიყოლებული სამი ორსულობისა და მეძუძური დედის როლის გათვალისწინებითაც კი წელი არ გამიცდენია 2018 ში მესამე შვილის გაჩენის და 2021 წლის პანდემიის გარდა (2020-შიც კი მოვასწარი).
ახლა როგორ:
- დილაობით პირის დაბანის რიტუალივით ვამოწმებ ვიზეარის საიტს, იქნებ რამე აქცია აქვთ. ამასთანავე, დალაიქებული მაქვს სრულიად საქართველოს ტურისტული სააგენტოების გვერდები, ეგენი თუ იაფ ტურებს დებენ, ე.ი. იმ ვადებში ბილეთი იაფია და მეც ვიცი, სად და რას ჩავუსაფრდე.
- უფასო 8 კგზე მეტი ხელბარგი არასოდეს მაქვს და 1 ზურგჩანთაში ვატევ აუარებელ ნივთებს - ეს უკვე სტუდენტობისას ალპინიადიდან გამოყოლილი ჩვევაა.
- ვირჩევ იმ მიმართულებას, რაც იაფია . უკვე ნამყოფი ქალაქების ნახვა ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ამის ფუფუნება ნაკლებად მაქვს, გამონაკლისია სტამბოლი, სადაც სულ მინდა.
- მთელი წელი თიბისი ბანკზე ჩართული მაქვს 1 ლარიანი ყულაბა, არ ვხუმრობ სამოგზაურო ფულის გარკვეულ ნაწილს ვაგროვებ თითო ლარით.
- სულ რომ მილიონები მეყაროს, ბავშვებს დიდი ხნით მაინც ვერ დავტოვებ, შესაბამისად, ჩემი გასვლები მაქსიმუმ 3-4 დღიანია. ცოტა დღეები = ნაკლები ფული.
- ვირჩევ ბიუჯეტურ სასტუმროებს და ბინებს, მაგრამ მთლად 12 კაციან ორსართულიან ჰოსტელებსაც არა, მაგ ასაკიდან გამოვედი, ეგეთებიც მქონდა . აქცენტს ვაკეთებ აუცილებლად ქალაქის ცენტრალურ უბანზე, რათა ბოდიალისას ტრანსპორტში დრო არ დავკარგო
- მუზეუმებს და ფასიან სანახაობებს ნაკლებად ვეტანები, თუ რამე განსაკუთრებული არაა. უბრალოდ, იტალია- საფრანგეთისთვის ასე მგონია ეს არც ერთი მეთოდი არ გაჭრის -იქ დროც ბევრი მინდა, ფულიც და ყველა მუზეუმიც)
- მინიმალურად ვიყენებ ტრანსპორტს და დღეში დავდივარ 15-20 კმ-ს, დაღლას ვგრძნობ მხოლოდ ჩამოსვლისას .
- ხელიდან არ ვუშვებ ადგილობრივ კერძებს და ხშირად ვდგები ცნობილი კაფეების ან რესტორნების უკიდეგანო რიგში თუნდაც ერთი ჭიქა ყავის დასალევად - ამას ადრე არ ვაკეთებდი და ახლა ყველაზე მეტად მიყვარს.
- ნაკლებად ვიყენებ რუკას, არასოდეს მაქვს ინტერნეტი, ჭკუა მეკეტება უცხო ადგილებში დაკარგვის ეფექტზე ახლის აღმოჩენის მიზნით .უბრალოდ, რატომღაც იშვიათად ვიკარგები
-საქართველოში ჩამოფრენისთანავე პასპორტ კონტროლის რიგში უკვე ვიწყებ ფიქრს, კიდევ როდის და სად წავიდე.
- თითო ასეთი მინი მოგზაურობა მიჯდება დაახლოებით 1500-2000 ლარი 2 ადამიანზე. ამაში არ შემყავს მაგალითად, ბავშვების ფეხსაცმლის ხარჯი, რომელიც აქაც ისედაც საყიდელია. ეს მაქსიმუმს ვამბობ, თორემ მაგალითად, 2019 წელს სალონიკის 2 გზა ბილეთში 77 ლარი მაქვს მიცემული, ქუთაისამდე ჩასვლა უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე იქიდან ფრენა.წლევანდელი მარტის სტამბულის 2 გზა ქუთაისიდან 45 ევროდ ვიყიდე, ოდესღაც, ჯერ ისევ ვიზებიანი მოგზაურობის პერიოდში ვილნიუსის 2 გზაც 45 ევრო..
- და ყველაზე მთავარი : მოგზაურობას ვახერხებ იმიტომ, რომ ძალიან მინდა, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია და ამაზე მეტად არაფერი მაბედნიერებს ცხოვრებაში.
ბლოგის ავტორია : ირინა ტყემალაძე
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე