უშგულის ლამარია — IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.
ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.
ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის თემის დაპყრობის მსურველი თავადი — ფუთა დადეშქელიანი.
ტაძარში მოხატულობის რამდენიმე ფენაა შემორჩენილი. ეკლესიის მშენებლობის თანადროული მხოლოდ კანკელის მოხატულობაა. ხოლო ინტერიერის სიუჟეტური გამოსახულებები, რომლის ფრაგმენტებიც მხატვრობის გვიანდელი ფენების ქვეშ მოჩანს, X ს-ის ბოლოსა და XI ს-ის დასაწყისით თარიღდება. აღსანიშნავია ჩრდილოეთის კედელზე მოთავსებული ჯვარცმის კომპოზიცია, სადაც ფიგურათა ჟესტიკულაციის ხაზგასმის მიზნით გადიდებულია მათი ხელის მტევნები. ექსპრესიულია სახეებიც, რომელთა ნაკვთებში უკვე ვლინდება სვანეთის მხატვრობისთვის დამახასიათებელი სპეციპიკური ტიპაჟი. მხატვრობის შემდეგი ფენა XII საუკუნისაა. ამ ეტაპს მიეკუთვნება დასავლეთის კედელზე წარმოდგენილი ცხენოსან წმინდა მეომართა, გიორგისა და თევდორეს გამოსახულებები. უკანასკნელად ეკლესია XIII ს.-ში მოუხატავთ. ამ პერიოდისაა აფსიდის მოხატულობა. კონქში წარმოდგენილია სვანეთისთვის ტრადიციული ვედრების კომპოზიცია. საკურთხევლის კედელზე ეკლესიის მამებია გამოსახული, თავად ეკლესიის ცაში კი - შობა და ფერისცვალება. ასევე საყურადრებოა ისტორიული მნიშვნელობის ნაკაწრი წარწერები, რომლებიც ეკლესიაში მისული მლოცველების მიერაა ამოკაწრული და შეწყალების ტექსტებს წარმოადგენს. წარწერები შესრულებულია ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულითა და მხედრულით.