Search logo

"სავსე გვქონდა ჩანთები სამწვადით, ხაჭაპურებით, დედლებით, ჭაჭით..." - ჟურნალისტი მერი ბლიაძის მოგზაურობის სახალისო ისტორია

"სავსე გვქონდა ჩანთები სამწვადით, ხაჭაპურებით, დედლებით, ჭაჭით..." - ჟურნალისტი მერი ბლიაძის მოგზაურობის სახალისო ისტორია

დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც წაგიკითხავთ ჟურნალისტი მერი ბლიაძის სტატიები www.mshoblebi.ge-ზე ან www.shin.ge-ზე, თუმცა ალბათ არ გსმენიათ მისი მოგზაურობის სახალისო და დაუვიწყარი ისტორიების შესახებ. მერი ასევე, არის პიარ კონსულტანტი პიარ საკონსულტაციო კომპანია Fame consulting-ში. გადატვირთული გრაფიკის გამო კი სამოგზაურო დრო ხშირად არ აქვს, თუმცა როცა ამის შესაძლებლობა აქვს ყოველთვის მზად არის ახალი ქვეყნებისა და ქალაქების აღმოსაჩენად, ან თუნდაც უკვე ნანახ ქალაქებში დასაბრუნებლად. 


როგორც Newstravel.ge-სთან საუბრის დროს აღნიშნა მოგზაურობა 7 წლის წინ დაიწყო და 6 ქვეყნის 9 ქალაქშია ნამყოფი. პირველი მოგზაურობა იყო შვედეთში, სადაც სახალისო ისტორიები გადახდა თავს : 


„ ჩემთვის პირველი მოგზაურობა ყველაზე განსაკუთრებული, საინტერესო, კურიოზული და დასამახსოვრებელი იყო. დეიდაშვილთან ერთად ვიმოგზაურე შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში. იმდენად შთამბეჭდავი, გასაოცარი და განუმეორებელი ქალაქია, მისი ხილვით მიღებული შთაბეჭდილებების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.  სტოკჰოლმი შემთხვევით არ შემირჩევია, იქ  ჩემი უსაყვარლესი ადამიანები (ჩემი მული და მისი მეუღლე ცხოვრობენ) მეგულებოდნენ, რომელთა დახმარებით შევიცანი და შევისისხლხორცე ეს საოცარი ქალაქი, გავეცანი მათ კულტურას. მოკლედ, ჩვენი თვითმფრინავი არლანდას აეროპორტში დაეშვა, ამ დროს გული ლამის საგულიდან ამოვარდეს. პირველი კურიოზი აეროპორტშივე შეგვემთხვა. ორივეს გვაქვს ბარგი, რომელიც თითო იწონის 23 კილოს. ასევე მხრებზე გვკიდია 8-8-კილოიანი ჩანთები. ჩვენი ორივე ჩემოდანი სავსეა: სამწვადით, იმერული ყველით, კახური დედლებით, ხაჭაპურებით, ჭაჭით, ღვინით, ალუჩით და სხვა, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის იყო განკუთვნილი. აეროპორტიდან მეტროს სადგურამდე რომ მივსულიყავით, უშველებელი დახვეული კიბეები დაგვხვდა, რომლის გარეშეც მეტროს სადგურზე ვერ ჩავიდოდით.  ესკალატორი გაჩერებული იყო, შესაბამისად, ესკალატორით ვერ ვისარგებლებდით. ავიკიდეთ 23-23-კილოიანი ჩემოდნები და რახრახით, კვნესით, ვაებით, გოდებით ძლივს ჩავათრიეთ პირველ სართულზე. სიმწრის ოფლი გვასხამს, თითქოს ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნის, გაოცებული, გაფართოებული თვალებით, როგორც პაპუასებს, ისე გვიყურებენ შვედები. გზის გაგრძელება აღარ შეგვეძლო, დასასვენებლად იქვე კიბეებთან გავჩერდით. 5 წამში ჩემ ყურთან ისმის გაურკვეველი ხმა, ვიხედები გვერდზე და ვხედავ, როგორ იღება ლიფტის კარები და ბედნიერი სახეებით გამოდიან ჩემოდნიანი ტურისტები და აგრძელებენ გზას მეტროს სადგურისკენ. „
 

შვედეთში მოგზაურობის დროს განსაკუთრებული წარმოდგენა მასზე სტოკჰოლმის მეტრომ დატოვა, რომელიც ხელოვნების მუზეუმად არის ქცეული, ფერებითა და მღვიმეებით, დახვეწილი ქანდაკებებით, ორნამენტებით. მეტრო სათავეს იღებს ქალაქის ცენტრში მდებარე T-Centralen-ში და ქალაქის გარშემო მატარებლის 110-კილომეტრიან მარშრუტს მიჰყვება. იმ პერიოდში შვედეთში მიაჩნდათ, რომ ხელოვნება ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო უფრო ფართო საზოგადოებისთვის და არა მარტო ელიტარული წრეებისთვის. ეს იდეა რეალობად 1950-იანი წლების მიწურულს აქციეს და ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, მეტროში განახორციელეს.


მერის საყვარელ ქალაქებს შორის არის სტამბული, სადაც არაერთხელ ყოფილა და კარგად იცნობს. თუ უახლოეს მომავალში თურქეთის ამ საუცხოო ქალაქის დათვალიერებას აპირებთ აუცილებლად გამოგადგებათ მერის რჩევები :


 

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამონათვალს გაგიზიარებთ. სტამბოლში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ აია სოფია და ლურჯი მეჩეთი, ასევე თოფქაფის სასახლე. სამივე მათგანი სულთანაჰმედის მოედანზე მდებარეობს და ერთ დღეში შეძლებთ მათ მონახულებას. იქვეა ბაზილიკა ცისტერნა. აუცილებლად მოინახულეთ გრანდ ბაზარი. აქ გამართული ვაჭრობა ცალკე ხელოვნება და სანახაობაა. ულამაზესი სანახავია გალათას კოშკი. ეს არის ადგილი, საიდანაც ხელის გულზე იშლება მთელი სტამბოლი, მისი სიდიადე და ღირსშესანიშნაობა. ამიტომ არც გაბედოთ სტამბოლიდან ისე წამოსვლა, რომ კოშკზე არ ახვიდეთ და სტამბოლის სუნთქვა არ შეიგრძნოთ, მის იდუმალ ხმას არ მოუსმინოთ. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დოლმაბაღჩეს სასახლემ. ალბათ, ის სტამბოლის ყველაზე „არათურქული“ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა. სასახლე ბაროკოს სტილშია აგებული და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. სასახლის მშენებლობა ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ეკვივალენტი დაჯდა. თოთხმეტი ტონა ოქრო, ოქროს ფირფიტების სახით, იქნა გამოყენებული სასახლის ჭერის მოვარაყებაში. თუ ფერადი ქუჩები გიზიდავთ, აუცილებლად გაისეირნეთ სტამბოლის უძველეს უბანში - ბალათზე. ასევე, ემინონუდან მარტივად მოხვდებით გემით უსკუდარში, სადაც ქალწული კოშკის ულამაზესი ხედით დატკბებით. ფლორიას აკვარიუმი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია სტამბოლში. აკვარიუმში შესვლისას პირველი, რაც გხიბლავს იდუმალი მელოდიაა, რომელიც აღფრთოვანებას ასმაგად ამძაფრებს. მიაბიჯებ წყალქვეშა სამყაროში და შენს წინ არხეინად დაცურავენ ულამაზესი, ათასფერი თევზები, ზვიგენები, საუცხოო წყალმცენარეები. აქ ყველაზე მძაფრად შეიგრძნობ იმ სილამაზეს, რაც ოკეანის ფსკერზეა.

დაუვიწყარი მოგონებები ყველა მოგზაურობის დროს მოაგროვა, თუმცა მათგან საჰარას უდაბნოში მზის ჩასვლის პეიზაჟს გამოარჩევს. უსიამოვნო მოგონებების თავიდან ასარიდებლად მერი დამწყებ მოგზაურებს ურჩევს წინასწარ მოაგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ ქალაქის შესახებ, სადაც აპირებენ წასვლას. დაჯავშნეთ ბიუჯეტური, თუმცა სუფთა სასტუმრო ქალაქის ცენტრში, რაც ძალიან კომფორტულს გახდის თქვენს მოგზაურობას. მერი ასევე გირჩევთ წინასწარ დაგეგმოთ რომელ დღეს რა უნდა ნახოთ და იარეთ ფეხით ბევრი...
 

მსგავსი პოსტები

ინტერვიუ მონიკა სკოტთან - ბლოგერის სამოგზაურო გამოცდილება
23 წლის მოგზაური შივია ნატი, რომელმაც მომთაბარე ცხოვრება აირჩია
როგორ ვასწავლოთ ინგლისური სამხრეთ კორეაში: ინტერვიუ ლიანთან
"მიმართულებას ზღვა მიჩვენებს " - ვიტალი დავითაძე