ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ, თუ მოგზაურობის მიზანი ტურიზმია.
„შესვლის წესების გამკაცრების გადაწყვეტილება შეესაბამება ნორვეგიის მიდგომას, რომელიც მხარს უჭერს მოკავშირეებს და პარტნიორებს უკრაინაში რუსეთის უკანონო აგრესიული ომის წინააღმდეგ რეაგირებაში“, – განაცხადა ნორვეგიის იუსტიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ემილი ენგერ მეჰლიმ.
ნორვეგიის მთავრობა აღნიშნავს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსებისთვის ვიზების გაცემის პრაქტიკა შეიცვალა და ამის შემდეგ რუსებისთვის ტურისტული ვიზები, როგორც წესი, არ გაიცემა. ამიერიდან კი შესვლის პირობები კიდევ უფრო მკაცრი გახდება.