Search logo

"განვავითაროთ ტურიზმი სოფლად" - მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტურისტული რუკა შექმნეს

"განვავითაროთ ტურიზმი სოფლად" - მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტურისტული რუკა შექმნეს


საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საზღვარი არ აქვს. თითქმის არ არსებობს რეგიონი ან ქალაქი, სადაც რაიმე საინტერესოს, ისტორიულს და ღირსშესანიშნავს ვერ აღმოაჩენ. მართლაც რომ თითოეული ეს ისტორიული ძეგლი იმსახურებს დაუსრულებელ თხრობას მათზე, აღწერას და უფრო მეტ ვიზიტორს... გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი რომ ავიღოთ რამდენ საუცხოო, ისტორიულ და კულტურულ ძეგლს ინახავს, მათ შესახებ კი შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს. 


სოფელ მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ იდეის ირგვლივ, რომელიც მიზნად მათი სოფლის ტურისტული პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდას ისახავდა. სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლაშა ახობაძესთან ერთად  მე-11 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბ „მოქალაქეს“ წევრებთან ერთად  შექმნეს ელექტრონული და მატერიალური ტურისტული რუკა, სადაც მაქსიმალურად ყველა დეტალია ასახული, რაც იქ მყოფ სტუმარს შეიძლება დასჭირდეს. 
აღსანიშნავია, რომ მოცემული ელექტრონული რუკა მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე.


USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. პარტნიორი ორგანიზაცია კი ქვემო ქართლის რეგიონში არის „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“.  პროექტს ხელს უწყობდა სკოლის ადმინისტრაცია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივი თვითმმართველობა და მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლამ USAID-ის გრანტი მოიპოვა. როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლაშა ახობაძე Newstravel.ge-თან საუბრის დროს ამბობს სკოლას არაერთი საინტერესო პროექტის გეგმა აქვს წარდგენილი და შესაბამისად კონკურსის გამარჯვებულებიც ხშირად ყოფილან :

„ჩვენი სკოლა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში 2012 წლიდან არის  ჩართული. ამ პროგრამის ფარგლებში  პერიოდულად ცხადდება სხვადასხვა საგრანტო კონკურსი, ჩვენი სკოლა კი აქტიურად იღებს მონაწილეობას. 2012-2015 წლებშიც ვიყავით ამ პროგრამაში  ჩართული. შარშან კი დაიწყო ახალი 5 წლიანი პროგრამა და ორი საგრანტო კონკურსზე მოვიპოვეთ ორ-ორი პროექტის დაფინანსება. წელსაც ორი გრანტი მოვიპოვეთ. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა ერთი და იგივე სკოლას ერთდროულად მოეპოვებინა 2 პროექტის დაფინანსება.  „ ინიციატივა მშობელთა ჩართულობით“ და „ განვავითაროთ ტურიზმი სოფლად“ - ეს ის ორი პროექტია, რომელიც წელს დაგვიფინანსეს“.  

იდეა სოფელში ტურიზმის განსავითარებლად შექმნილიყო რუკა, დაბეჭდილიყო ბანერები კულტურულ-ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს მარიამ გორდაშვილს და თამთა მჭედლიშვილს ეკუთვნით. მარიამი და თამთა  სკოლის გამორჩეული მოსწავლეები არიან, რომლებიც კონკურსის გამოცხადებისთანავე დაინტერესდნენ. მოსწავლეებმა ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ტურიზმის სფერო აირჩიეს და იდეის დამუშავებას შეუდგნენ.  გრანტის მოპოვების შემდეგ სკოლის სხვა გამორჩეულ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად დაიწყო ერთობლივი შრომა, შექმნილი რუკა ყოფილიყო მაქსიმალურად დეტალური, საინტერესო და გამოყენებადი.


რა თქმა უნდა პროექტზე მუშაობა ხანგრძლივ პროცესსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. მათი მხრიდან მოხდა სოფელში არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლების აღწერა, რითაც მარტყოფი ნამდვილად გამორჩეული და მდიდარია. 
რუკაზე აღნუსხულია 14 ისტორიულ-კულტურული ძეგლი. ძეგლების შესახებ მოძიებული იქნა ყველა მათ ხელთ არსებული ისტორიული ინფორმაცია. სკოლის მოსწავლეებმა თითოეულ ეს ადგილი მოიარეს, გადაიღეს ფოტოები, დაამუშავეს ყველა ტექნიკური დეტალი და რუკა არა მხოლოდ ელექტრონულად, არამედ მატერიალურადაც შექმნეს. ისტორიულ-კულტურული ძეგლების გარდა, რუკაზე დამატებულია სასტუმროები და სამედიცინო პუნქტებიც კი. აგრეთვე მომზადდა და დაიბეჭდა კულტურულ-ისტორიული ძეგლების შესახებ ბანერები, რომელიც ხელმისაწვდომია 2 ენაზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, რაც ტურისტს საგრძნობლად გაუმარტივებს მოგზაურობას. 


მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის პარალელურად გაიარეს ტრენინგ-კურსები ტურიზმის მიმართულებით, დაგეგმეს საფეხმავლო მარშრუტები. ხშირად თვითონვე ხვდებიან სტუმრებს, არიან მოხალისე გიდები, ათვალიერებინებენ მათ მარტყოფს და უყვებიან ისტორიულ ცნობებს მარტყოფის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

 

მსგავსი პოსტები