ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე — პირველი ბუნების ნაკრძალი საქართველოში. მისი შექმნა დაკავშირებულია პოლონელი ნატურალისტის ლუდვიკ მლოკოსევიჩის (1831–1909) სახელთან. 1889 წელს მან რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის წინაშე პირველად დასვა საკითხი ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გამოცხადების შესახებ. 1912 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წარდგინებითა და რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის შუამდგომლობით, ლაგოდეხის ხეობა ოფიციალურად გამოცხადდა ნაკრძალად.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე. ნაკრძალი მოიცავს მდინარეების: მაწიმისხევის, ლაგოდეხისხევის, შრომისხევისა და ბაისუბნის აუზებს. მისი ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან (დაღესტანთან). ნაკრძალს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მდ. მაწიმისხევი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან, სამხრეთიდან – განსახლების სისტემა, დასავლეთიდან კი – ბაისუბნის ქედი.
საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი.