32 წლის ბარმენი მიხეილ ჩიხაშვილი 40 ქვეყანაშია ნამყოფი. პირველად საქართველოს საზღვრები ჯერ კიდევ მაშინ გადაკვეთა, როცა უვიზო მიმოსვლა არ გვქონდა და მოგზაურობა ბევრისთვის ფუფუნების საგანს, ხოლო ბევრისთვის აუხდენელ ოცნებას ჰგავდა. მიხეილის პირველი მოგზაურობა მეზობელ სომხეთში იყო, DAAD-ის სტიპენდიის მოპოვებით. სტიპენდიას მალევე მოჰყვა შესაძლებლობა სტუდენტური დასაქმების პროგრამით გერმანიაში წასულიყო და გერმანიის ვიზით ემოგზაურა შენგენის სხვა ქვეყნებში.
მიხეილი სხვა მოგზაურებისგან განსხვავებით სპონტანურობის მოყვარულია და მისთვის მთავარი არა წინასწარ გაწერილი გეგმა, არამედ დაუგეგმავი მარშრუტია მიმზიდველი.
რომელი ქვეყნის ბილეთიც იაფად ჩამივარდება ხელში იქ მივდივარ. მთავარია იყოს ისეთი ქვეყანა სადაც ჯერ არ ვყოფილვარ. მახსოვს Brüssel - New York- ის პირდაპირი ფრენის ბილეთი (ორივე გზა თავისი ბარგით) ვიყიდე 300 ევროდ, ამერიკის ვიზაც კი არ მქონდა , მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ავიღებდი. გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მქონდა გასაუბრება ამერიკის საელჩოში რაც 150 დოლარი დაჯდა და მომცეს 10 წლიანი ვიზა. ასე დაუგეგმავად შევხვდი 2019 წელს New York -ში.
ჩემთვის მოგზაურობისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვლილი და ჩამოწერილი. ასე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს და ყოველდღე შემიძლია შევიცვალო ადგილი ან უბრალოდ დავრჩე იქ რამდენიმე დღე სადაც ძალიან მომეწონება. შესაბამისად სასტუმროს წინასწარ არ ვჯავშნი, მარტო გაფრენას და გამოფრენას. დანარჩენს სპონტანურად.“
მიუხედავად სპონტანურობისა ცუდი გამოცდილება მის მოგზაურობებს თან არ ახლავს, რადგან არასდროს ავიწყდება უსაფრთხოების ზომების მიღება და პირადი ნივთების დაცვა. დამწყებ მოგზაურებს კი ურჩევს არ შეუშინდნენ გამოწვევებს და უყვარდეთ ახალი ადგილების აღმოჩენა:
ვურჩევდი დამწყებ მოგზაურებს რომ არ შეეშინდეთ ახალი გამოწვევების, დღესდღეობით ისეა განვითარებული ტექნოლოგიები რომ 1 ტელეფონით და Power Bank-ით ადამიანი ყველგან გაიგნებ გზას, გადათარგმნის ყველა ენაზე, გადაიხდის სასურველ ხარჯებს და გაატარებს დაუვიწყარ დროს მოგზაურობისას. არაა აუცილებელი დარჩეთ საუკეთესო სასტუმროში და ყოველდღე ჭამოთ რესტორანში. ჰოსტელში რამდენიმე ადამიანთან ერთად დაძინება არც ისე ცუდია როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ. არც ეგრეთწოდებული Street Food-ის ჭამაა ცუდი ყოველდღიურად. პრიორიტეტების განსაზღვრაა უბრალოდ. ჩემს შემთხვევაში პრიორიტეტი ყოველთვის ახალი ქვეყნის აღმოჩენა იყო… იყიდი ბილეთს, დანარჩენი კი თავისით ხდება
საქართველოს გარდა, იმ 40 ქვეყნიდან სადაც მიხეილია ნამყოფი ტაილანდს გამოარჩევს. ტაილანდში პირველად შეხვდა ახალ წელს თოვლისა და სიცივის გარეშე. არაერთხელ ყოფილა ნორვეგიაში და არასდროს ჰბეზრდება ეს ქვეყანა :
არ მომბეზრდება მოგზაურობა ნორვეგიაში. ალბათ იმიტომ რომ ზღვას და ნესტიან ჰავას მთები მირჩევნია თავისი ცივი მდინარეებით , ტბებით და ჩანჩქერებით. ასევე მიყვარს თევზაობა და ნორვეგია საოცნებო ქვეყანაა ყველა მეთევზეთათვის. ჩემთვის ნორვეგიაა ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანა რაც კი ოდესმე მინახავს (საქართველოს გარდა).
ჯერ სამხრეთ ამერიკაში და აფრიკაში არ ყოფილა, თუმცა სამომავლოდ ნამიბიასა და პერუს მონახულებას აპირებს.