მოგზაურობა ჟურნალისტი თამო ქირიასთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ დროისთვის 21 ქვეყანაშია ნამყოფი და თითოეულმა ქვეყანამ წარუშლელი წარმოდგენა დატოვა.
მისი პირველი მოგზაურობა EVS-ს ანუ ევროპის მოხალისეობრივ სერვისს უკავშირდება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რუმინეთში მოხალისედ წავიდა :
„ ბავშვთა საავადმყოფოებში და ნარკო-დამოკიდებულთა ცენტრებში ვატარებდით აქტივობებს. ასევე სკოლებში ვატარებდი გაკვეთილებს საქართველოს შესახებ. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა, თუმცა დასვენებებზე მაინც ვახერხებდით მოგზაურობას. ჯერ მთელი რუმინეთი მოვიარე, შემდეგ კი საზღვრებსაც გავცდი და მეზობელი ქვეყნებიც ვნახე.“
თამოზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება რუმინეთმა დატოვა, სადაც გამორჩეული ხალხი, ტრადიციები და კულტურა დახვდა. აქ ნანახმა მოლოდინებს გადააჭარბა. რუმინეთის გარდა, საყვარელ ქვეყნებს შორის არის ესპანეთი, სადაც თავი ყველაზე კომფორტულად იგრძნო. ესპანეთს ხალხით, სამზარეულოთი და ტემპერამენტით გამოარჩევს.
„ მოგზაურობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ხალხი. ღირსშესანიშნაობები, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, საკვები - ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ, თუმცა ქვეყანამ რომ ჩემს გულში გამორჩეული ადგილი დაიკავოს, ადამიანებმა უნდა ითამაშონ დიდი როლი. ჩემი ყველა მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია ადგილობრივებთან კომუნიკაცია. საბედნიეროდ, ცუდი გამოცდილება თითქმის არ მქონია, ერთადერთი ალბათ ბულგარეთი იყო, სადაც დიდად ვერ აღვფრთოვანდი და მეორედ დაბრუნებაც აღარ მიფიქრია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან მიმართლებს ხოლმე და მაშინაც კი როცა მოგზაურობას არ ვგეგმავ, ყოველთვის გამოჩნდება შესაძლებლობები ახალი ადგილების აღმოჩენის. სამოგზაურო მიმართულების არჩევის რაიმე სქემა არ მაქვს, მიყვარს „ბოდიალი“, ამიტომ ყველგან დიდი სიხარულით მივდივარ ხოლმე. თუმცა, ხშირად ახალი ადგილების აღმოჩენის ნაცვლად ისევ ძველ და საყვარელ ლოკაციებს ვუბრუნდები, იქნება ეს ესპანეთი თუ იტალია. ძალიან მიყვარს ასევე იტალია, იტალიურ სამზარეულოს არაფერი მირჩევნია. „
თამო ძირითადად ევროპაში მოგზაურობას ამჯობინებს. აგროვებს მოგონებებს და იღებს გამოცდილებას. განსაკუთრებულ მოგონებად რჩება ევროპაში „ავტო სტოპით“ მოგზაურობა, სადაც მეგზურობას მისი ძმა უწევდა.
„საოცარი მოგზაურობა გამოგვივიდა, უამრავ გამორჩეულ ადამიანს შევხვდით, ბევრჯერ დავიკარგეთ, ბევრი ახალი თვისება აღმოვაჩინეთ ჩვენს თავში და ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ. „
კარგ მოგონებებს, ცოტა თუმცა მაინც ყოველთვის ახლავს უსიამოვნო მოგონება. თამოს შემთხვევაში ეს კვიპროსიდან საქართველოში მგზავრობას უკავშირდება. თვითმფრინავის აფრენიდან 20 წუთის შემდეგ მგზავრებს შეატყობინეს, რომ თვითმფრინავს ძრავა გაეთიშა :
„სულ რაღაც 20 წუთის აფრენილებმა გავიგეთ რომ თვითმფრინავს ძრავა გაეთიშა. ლაინერი ძალიან დაბლა დაეშვა და უკან, აეროპორტში ასე დაბრუნდა. ახლა ვიცი, რომ ძრავის გათიშვა არც თუ ისე საგანგაშო რამეა და გამოსავალი არსებობს, თუმცა მაშინ ძალიან შემეშინდა (ყველას შეგვეშინდა) და გონებაში ყველას გამოვემშვიდობე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.“
ევროპის შემდეგ მოგზაურობას აზიაში გეგმავს. დამწყებ მოგზაურებს კი ურჩევს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული შესაძლებლობა სამოგზაუროდ. ურჩევს, რომ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ევროპულ პროექტში და ცოდნის მიღებასთან ერთად უამრავ დადებით გამოცდილებას მიიღებენ :
"დღეს მოგზაურობა იმაზე ბევრად ადვილია ვიდრე წლების წინ იყო. არსებობს უამრავი ევროპული პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს და არა მხოლოდ, უფასოდ მოგზაურობას სთავაზობს. მეორე რჩევა იქნება ხალხი, აუცილებლად გამოიყენეთ ყველა საშუალება რომ ახალ ქვეყანაში ჩასულებმა გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და მოგზაურობა დაუვიწყარ ემოციებად აქციოთ. „
თამო გირჩევთ, რომ მოგზაურობა დაგეგმეთ თავად, ყველას დახმარების გარეშე. ბილეთები უმჯობესია რამდენიმე თვით ადრე შეიძინოთ, სასტუმროს დაჯავშნისას კარგად გაეცანით სხვა დამსვენებლების შეფასებებს და სასურველი ატრაქციების/მუზეუმების ბილეთებსაც თუ წინასწარ შეიძენთ, ადგილზე მისულებს რიგებში დგომა ნაკლებად მოგიწევთ.