წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი - მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ წაჩხურში, სალხინოს თემში, ხირზენის კალთაზე.
წაჩხურუს ტაძარს მოსკე - წაჩხურუს ეძახიან, რაც მეძევეს ნიშნავს. იგი აგებულია VII საუკუნეში, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. აძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.
წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.
ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.
გადმოცემის თანახმად, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ამ ადგილას წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ქვის ჯვარი აღუმართავს, VII საუკუნეში კი ტაძარი აუგიათ, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ XVIII საუკუნეში განახლებულმა დარბაზული ტიპის ეკლესიამ მოაღწია. სწორედ ამ ეკლესიაში ინახება წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატი, რომელსაც ხალხმა „მოსკე წაჩხური“ უწოდა.