მინდა მეც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. მოხარული ვიქნები, თუ ვინმეს გამოგადგებათ ეს ბლოგი.
ინდოეთმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვიმოგზაურე ჩრდილოეთ ნაწილში, დელი-უდაიპური-ჯოდპური-ჯაიპური-აგრა-ვარანასი-გორახპური და აღმოვაჩინე საოცარი კულტურის, ტრადიციების, არქიტექტურისა, ისტორიის ქვეყანა, ფოტოგრაფიის თვალსაზრისით კი, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სადაც ყველაფერი შენს გარშემო განუმეორებელ კადრს ქმნის.
ევროპულ წესრიგს მიჩვეული ადამიანისთვის ინდოეთში მოგზაურობა არც ისე იოლია, გიწევს ბევრი რამ გაითვალისწინო... კვლევების მიხედვით, ინდოეთი ქალი მოგზაურებისთვის საშიში ქვეყნების ხუთეულში შედის, მაგრამ, თუ გონივრულად დაგეგმავთ ყველაფერს, შესაძლებელია, არასასიამოვნო სიტუაციები მინიმუმამდე დაიყვანოთ.
ვიზა: ვიზის მისაღებად ხდება ონლაინ აპლიკაციის შევსება და სავიზო დოკუმენტი 3 დღის ვადაში მოდის ელ. ფოსტის საშუალებით.
აცრები: გამგზავრებამდე რეკომენდებულია რიგი აცრების გაკეთება, მაგრამ სავალდებულო არ არის. მე აცრების გარეშე წავედი, ჯანმრთელობის პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ მეტი ყურადღების გამახვილება მომიწია კვებაზე.
ტრანსპორტი: ქალაქში ტუკ-ტუკით ვმოძრაობდით, ფასი უბერისა და ოლას ტაქსებთან შედარებით მაღალია, მაგრამ საცობების თავს უფრო მარტივად დააღწევთ და უფრო საინტერესოა ადგილობრივი ტრანსპორტის გამოყენება. ქალაქებს შორის პირველი კლასის ღამის მატარებლით და ავტობუსით ვმგზავრობდით, რომელთა ფასი ბევრად მაღალია ვიდრე დაბალი კლასის ბილეთების, მაგრამ ბევრად კომფორტული და უსაფრთხოა.
კვება: არ შეიძლება ონკანის წყლის დალევა, გაფილტრული წყლის შეძენა ყველგან შეგიძლიათ და საკმაოდ იაფი ღირს, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რომ არ იყოს ფალსიფიცირებული. ქუჩაში დამზადებული საკვების მიღებას არ გირჩევთ. რესტორნებში ცოცხალ ბოსტნეულს და ხილს ნუ მიირთმევთ, შესაძლოა არ იყოს სათანადოდ გარეცხილი, მიირთვით მოხარშული საკვები. გამაგრილებელი სასმელები ყინულის გარეშე დალიეთ.
უსაფრთხოება: ჩასვლისას შეიძინეთ ინდური ნომერი (ულიმიტო პაკეტის ტარიფები ძალიან დაბალია) - ჩვენ ძალიან გამოგვადგა, რადგან ხშირად მოგვიწია მიმართულების შეცვლა და ახალი ჯავშნების გაკეთება გაუთვალისწინებელი სიტუაციების გამო. ღამით არახალხმრავალ ქუჩებში ნუ ივლით მარტო, ყურადღება მიაქციეთ პირად ნივთებს, განსაკუთრებით, ხალხმრავალ ადგილებში, სადაც ხშირია ქურდობის ფაქტები.
საცხოვრებელი ადგილები: სასტუმროები დავჯავშნე ჩვეულებრივ, Booking.com-ის მეშვეობით, უბრალოდ, უფრო მეტი ყურადღების მიქცევა მომიწია მდებარეობას, რეიტინგსა და მომხმარებელთა კომენტარებზე.
დამატებითი რჩევები: ვაჭრობისას ყოველთვის შეეცადეთ ფასი დააკლებინოთ, რადგან სასურველ ნივთს, სულ მცირე, ნახევარ ფასად მაინც შეიძენთ. ტურისტებისთვის ფასებს უმატებენ ყველაფერზე, ამიტომ ევაჭრეთ ყველაფერზე.
გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ ხოლმე უცნობთა „სელფებში“ მოხვედრა, ქუჩაში ხშირად მოვლენ სურათის გადაღების თხოვნით.
არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე ფოტოს გადაღების უფლებას მოგცემთ და სანაცვლოდ შემდეგ თანხას მოგთხოვთ. რამდენიმე რუპიად მასაც გაახარებთ და თქვენც ლამაზი კადრი დაგრჩებათ.
ნეპალის საზღვრის გადაკვეთას თუ გადაწყვეტთ, ყველაზე ხელსაყრელი სონაულის სასაზღვრო პუნქტია. ავტობუსები ჩადის სონაულამდე, საიდანაც ფეხით გადაადგილდებით ორ სასაზღვრო პუნქტს შორის. ვიზის გაცემა კი ძალიან მარტივად ხდება, ფასი დამოკიდებულია დღეების რაოდენობაზე.
ბლოგის ავტორია : ანა კაკაბაძე
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე