Search logo

მარიამ მისაბიშვილი : ირანი იმდენადვე უსაფრთხოა რამდენადაც პარიზი და რომი

მარიამ მისაბიშვილი : ირანი იმდენადვე უსაფრთხოა რამდენადაც პარიზი და რომი


პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ირანი იმდენადვე უსაფრთხოა რამდენადაც პარიზი და რომი (პირადად მე რომში გაცილებით შეშინებული დავდიოდი). განვითარების და კეთილმოწყობის მხრივაც გაკვირვებული დარჩებით. 
ხალხი არის სასწაულად კეთილგანწყობილი და მეგობრული. თეირანში და პატარა ქალაქებში განსაკუთრებით. ტურისტი და უცხოპლანეტელი დაახლოებით ერთ სიბრტყეზე არიან, ამიტომ ყველას უნდა რომ გამოგელაპარაკოს, სახლში დაგპატიჟოს ან სულ მცირე ინსტაგრამზე გამოგყვეს.


ფრენები თბილისიდან დღეში რამდენჯერმე არის და თუ გაგიმართლათ კაპიკებში იყიდით, ოღონდ ამ ბილეთებზე ქართულ ტურისტებს წვდომა არ აქვთ, ირანელმა უნდა გიყიდოთ. 
ფასები საკმაოდ დაბალია. შოპინგის მოყვარულები ნუ მიეძალებით ირანს, ევროპა-ამერიკიდან მათ ბაზარზე არაფერი შედის და  თითქმის ყველაფერი იაფფასიანი და უხარისხოა. ჩამოვიტანე მხოლოდ ბლომად სიგარეტი, რაც ძალიან იაფი ღირდა იქ და სტაფილოს მურაბა.


წასვლამდე კარგად გაერკვიეთ ციფრებში და ნულების თვლაში, რადგან 100 დოლარი 13 მილიონი რიალია და თითქმის ყველა გატყუებს ფასში თუ ამის შესაძლებლობა აქვს. ასევე, გამოგადგებათ სპარსული ციფრების “შპარგალკა”, ფასები ყველგან მათი ციფრებით წერია. 
რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ირანში წასვლამდე: 
საერთაშორისო ბარათები დაივიწყეთ ირანში, იქ მხოლოდ ნაღდი ფული და ირანული საბანკო ბარათი არსებობს. 
Facebook და youtube დაბლოკილია და მხოლოდ ვიპიენით შეძლებთ მოხმარებას. 
მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა მოიმარაგეთ თავშლები და გრძელი სამოსი. 
წინასწარ შეემზადეთ, მათი მეგობრული განწყობის მიუხედავად, სიხარულით გეტყვიან, რომ საქართველო ოფიციალურად ირანის ტერიტორია იყო და დასამტკიცებლად რუკასაც უცებ მოგიძებნიან. 
პ.ს. კაცის გარეშეც ძალიან უსაფრთხოდ იმოგზაურებთ გოგოები  (ეს კითხვა ყველაზე მეტად მაწუხებდა მე წასვლამდე)


 

ბლოგის ავტორია : მარიამ მისაბიშვილი

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე

მსგავსი პოსტები

ყველაზე ცხელი და უსიცოცხლო ადგილი მსოფლიოში
მოგზაურობა ირანში - მთავარი ღირსშსანიშნაობები, აქტივობები, რჩევები მოგზაურებისთვის