სახლიდან შორს...
სიდნეი - ავსტრალია, ბავშვობის ყველაზე შორეული, იდუმალი და ზღაპრული ქვეყანა-კონტინენტი.
უკვე 1 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში ვიყავი და აი ახლაც კი მახსენდება ის ბრწყინვალე მოგონებები, რაც ამ მოგზაურობასთან მაკავშირებს.
ავსტრალია როგორი საუცხოოა, ამაზე არავინ დავობს. ამ ყველაფრის საკუთარი თვალით დანახვა კიდე ცალკე სასწაულია.
9 მთის, ზღვებისა და ოკეანის გადალახვის შემდეგ საბოლოოდ მივაღწიე სიდნეის, ჩემთვის ახალ ლონდონს, ხოლო ავსტრალიელებისთვის კი ახალი სამხრეთ უელსის ულამაზეს დედაქალაქს.
მაინც ბრიტანულია უფრო, სახელიც კი ლორდ სიდნეის პატივსაცემად შეურჩიეს. აი, იმ დროს, ძველად, როცა ბრიტანეთის კოლონია იყო და ლორდ სიდნეიც რომ მინისტრობა და დიდი გავლენით სარგებლობდა.
ისე, გავლენა ამას ჰქვია, მსოფლიოში უზარმაზარ და ულამაზეს ქალაქს შენ პატივსაცემად რომ არქმევენ ან არქმევ 70 ალექსანდრიასავით.
იქიდან გამომდინარე, რომ საკვებით, მცენარეებითა და ცხოველებით შესვლა ცოტა პრობლემურია, ავდექი და ფშაველი ვაჟასავით საუკუნო საგზლად რომ მქონდა პატარა ხმიადი ჩანთაში, გადავაგე, ჩასვლისას არ მომაბრუნონ ან აცრებზე არ გადამიყვანონმეთქი.
ასე დავრჩი წყალში ჩასალბობი პურის გარეშე, მაგრამ წინ ხომ ავსტრალია იყო, მისი ჰაერი და გარემოც რომ განაყრებს.
აეროპორტში, როგორც ყოველთვის, ქართული პასპორტის დანახვისას უამრავი კითხვა დაისვა, მაგრამ ყველაფერი მარტივად მოგვარდა.
ასეთი მშვიდი, სიცოცხლით სავსე და ბედნიერი ხალხი არსად არასოდეს მინახავს. თუ არ ჩავთვლით იმ ერთს საზღვარზე ლამის 23 კითხვა რომ დასვა. აქ ცხოვრობენ ნამდვილად საოცარი ადამიანები, აბორიგენები, რომლების საუკუნეების განმავლობაში ინახავენ თავიანთ კულტურას. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილო უცხოელია, გადმოცხოვრებული უზარმაზარი დედამიწის დიდი და პატარა ქვეყნებიდან.
ამათი წინაპრები არც ჭონტის შთამომავლები არიან, არც ბაგრატიონთა შტოს დანაყოფები მუხრანბატონებად, მათ მხოლოდ კუკი ჰყავდათ, რომელიც გვერდზე ჰავაიში შეჭამეს.
პირველი შეგრძნება იყო - რა შორია. მეგონა, რომ ამ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი, სადღაც შორს ვიყავი ყველასაგან და ყველაფრისგან. სულ რაღაც 27 მილიონ ადამიანთან ერთად, მარტო არა.
სიდნეის ოპერა, ჰარბორის ხიდი და სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობა უბრალოდ გადუმებს.
აქეთ მზის ჩასვლაც კი განსხვავებულია. ოქროსფერი, მოწითალო, ნაცრისფერი ან ავსტრალიური ფერი, ამინდის ცვალებადობასთან ერთად მზე რომ იცვლის ფერს ისეთი.
სიდნეიდან ავტომობილით მელბურნისკენ გავემართეთ, გოჩასა და ხვიჩასავით, არც ერთია ავსტრალიის დედაქალაქი და არც მეორე, ვერ გაიყვნენ და შუაში, კანბერას მიანიჭეს საამაყო ტიტული. მათ შორის გზა კი ზღაპრულია; კურორტები, სანაპიროები, კოალები, კენგურუები და ვეშაპები, აი ეს არის რასაც გადააწყდებით, გზაზე, სანაპიროზე ან ტყეში.
ავსტრალია არის მოგზაურობის, აღმოჩენებისა და თავგადასავლების ქვეყანა.
ბლოგის ავტორია : გიორგი გოგოხია
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე