ამ ბოლო დროს იტალიაზე ბევრი კარგი და ინფორმატიული პოსტი დაიწერა, ბევრს გვიყვარს იტალია და საკმაოდ "ავითვისეთ" როგორც ვხედავ. მეც დავამატებ ჩემ შთაბეჭდილებას. ეს არის ერთი ადამიანის დაკვირვება/გამოცდილება, რომელსაც სურვილისამებრ განაზოგადებთ, ჩემ აზრს თავს არავის ვახვევ.
აგვისტოს დასაწყისში ძალიან ინტენსიური ტური დავგეგმე, მილანიდან რომამდე, ამალფის სანაპიროს ჩათვლით. ყველაზე მეტად მაფიქრებდა იტალიის სატრანსპორტო სისტემის გამართული მუშაობა, აქაც ბევრჯერ ვიკითხე რეჯიონალე მატარებლების "ყოფაქცევაზე" ფლიქსბასზე და ა.შ. ძირითადად მპასუხობდნენ იგვიანებსო, მატარებლები ჭუჭყიანიაო, ეს ხომ იტალიაა, თან აგვისტოო...
1. 16 დღის მანძილზე გამოვიყენეთ იტალიაში არსებული ტრანსპორტის ყველა სახეობა (მატარებელი, ავტობუსი, ბორანი, ნავი) შემიძლია ვთქვა, რეჯიონალე მატარებლები სუფთა და პუნქტუალური ტრანსპორტია. ექვსჯერ მაინც ვიმგზავრეთ და ყოველთვის კმაყოფილი დავრჩით. არც "ფლიქსბასს" დაუგვიანია 10 წუთზე მეტი, სისხამ დილით და გვიან ღამეც განრიგის მიხედვით მოვიდა.
ვენეციის ვაპორეტოს (წყლის ავტობუსი) სისტემა კი საერთოდ ჩემი ფავორიტია! 3-4 წუთში ერთხელ დადის ნებისმიერი მიმართულებით. ერთი გზა ძვირია, 7,5 €, მაგრამ 20 ევროიან დღიურ ბარათს თუ იყიდი, განუსაზღვრელი რაოდენობით იმგზავრებ - მურანო, ბურანო, ლიდოს ჩათვლით.
2. ყველა მსხვილი მუზეუმის ბილეთი წინასწარ შევიძინეთ ონლაინ, დროის მითითებით. ეს ტაქტიკა ამართლებს, ჯობს რამდენიმე ევროთი მეტი გადაიხადო, ვიდრე ცხელ დღეს რიგში იდგე. 5 წუთზე მეტხანს არ ვმდგარვართ, მითითებულ დროზე შეგვიშვეს. სხვათა შორის, მუზეუმებში ხალხის მოძრაობა საკმაოდ კარგად აქვთ ორგანიზებული (გერმანიასა და ავსტრიაზე უკეთესადაც)
P.S. ჩემი აზრით, თუ დროში შეზღუდული ხარ, ბილეთი არ გაქვს, ჯობს არ ჩადგე 3 საათიან რიგში და უბრალოდ ქალაქში ისეირნო, შეიგრძნო. ადრე ტრაგედია მეგონა ყველა მუზეუმში თუ არ შევიდოდი, ახლა მივხვდი ქვეყანა არ იქცევა.
3. ყურადღებით იყავით! არა მარტო ნივთებზე და კრიმინალზე, არამედ კარგად შეაფასეთ ტურისტულის, რესტორნის, მაღაზიის შემოთავაზებები, თვით ყველაზე რესპექტაბელური გარეგნობის ხალხისაგანაც, დასვით კითხვები, აახსნევინეთ დაწვრილებით რა სერვისები შედის, რა გეკუთვნით, გადაამოწმეთ ოფიციალურ გვერდზე ან ადმინისტრაციასთან. დამიჯერეთ, სინდისი არ შეაწუხებთ თვალსა და ხელს შუა გაგაცურონ. იტალიაში ტურისტის გაფცქვნა ხელოვნების დონეზეა აყვანილი. ფასები გაბერილი... ვატიკანის მუზეუმში არის დერეფანი და კიბეები, რომელიც სიქსტის კაპელადან წმ.პეტრეს ტაძარში ჩაგიყვანს, მუზეუმიდან გამოსვლა და ისევ რიგში დგომა არ მოგიწევს, მაგრამ ეს ბილეთი 20 ევროთი მეტი ღირს სტანდარტულ ბილეთზე... ტაძარში შესვლა უფასოა, რეალურად ამ დერეფნისას იხდი.
საერთოდ, კლიენტის და განს. ტურისტი კლიენტის წინაშე იტალიელები თავაზიანობით თავს არ იკლავენ. თავიდან შეიძლება ქედმაღლურად, აგრესიულადაც გესაუბრონ, მათი გაგებით ჭკუას გარიგებენ "სულელ ტურისტს", მაგრამ მერე, თუ შეიცნეს მონათესავე ტემპერამენტის და არანაკლებ მოქნილი გონების ერის წარმომადგენელი, ხელად გიშინაურდებიან და უკვე სხვა ტონს იღებენ.
ბლოგის ავტორია : რუსა ფრუიძე
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე