წინასწარ ბოდიში ამ უზარმაზარი ტექსტისთვის, უბრალოდ შევეცადე, შეძლებისდაგვარად ამომწურავად მომეწოდებინა ინფორმაცია და უფრო მოკლედ არ გამომივიდა.
1) რატომ მაინცდამაინც ტანზანია?
საბოლოოდ რომ ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი საფარი ტურში, პირველი არჩევანი ტანზანია ნამდვილად არ ყოფილა. ერთადერთი და უკონკურენტო ვარიანტად განვიხილავდი სამხრეთ აფრიკას, რადგან უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა და ისედაც აფრიკაში საფარი ტურისთვის სხვებთან შედარებით ყველაზე განვითარებული და უსაფრთხო ქვეყანაა. უბრალოდ დეტალები რომ გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ სამხრეთ აფრიკა ვიზებს გასცემს ძალიან რთულად, რაც მთავარია, საელჩოში უნდა გამოცხადდე პირადად და ჩააბარო ანაბეჭდები, ჩვენთან საელჩო არაა, უნდა წახვიდე უკრაინაში. დავიწყე ალტერნატიული ვარიანტების ძებნა, შევარჩიე სამი ქვეყანა: უგანდა, კენია, ტანზანია. უგანდა მალევე გამოვრიცხე, რადგან მქონდა ორი მთავარი კრიტერიუმი: შედარებით ხელმისაწვდომი ფასი და უსაფრთხოება, ამ მხრივ უგანდა დანარჩენ ორს ჩამოუვარდება. დარჩა ტანზანია (ამ სამს შორის ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო) და კენია (ტანზანიასთან შედარებით თითქმის ორჯერ იაფი, მაგრამ ოდნავ მომეტებული რისკებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოების მხრივ). ამ ორზე რომ ჩამოვყალიბდი, დავიწყე ქართული ტურისტული სააგენტოს ძებნა, სულ ორ-სამს ედო ტური ამ მიმართულებით და ისიც ერთ-ერთი მათგანი კენიაში კილიმანჯაროს მონახულებას მთავაზობდა. ავტომატურად გამოვრიცხე ქართული ტურისტულით წასვლა და რადგან უცხოური კომპანიის მომსახურების გამოყენება ისედაც ცოტა სარისკოდ მომეჩვენა, გადავწყვიტე, ტანზანიის სასარგებლოდ გამეკეთებინა არჩევანი (თან ბარემ ნამდვილ, და არა პატენტ კენიურ კილიმანჯაროს შევხედავ მეთქი, ვიფიქრე.
2) ტურისტული კომპანიის შერჩევა
ძალიან დამეხმარა ეს საიტი: www.safaribookings.com, შევარჩიე ისევ და ისევ ორი კრიტერიუმით: ამ საიტზე და tripadvisor-ზე გამოქვეყნებული შეფასებებით და შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით.
3) ვაქცინაცია
კონკრეტულად ტანზანია არ არის განსაკუთრებით საშიში დაავადებების მხრივ და თუ დაიცავთ სანიტარიის და რეკომენდებული უსაფრთხოების წესებს, არ გჭირდებათ ვაქცინაცია, თუმცა მე შემეშინდა ყვითელი ცხელების და ჩავიტარე, საქართველოში არის ვაქცინა, უკუჩვენებები არ აქვს, თუ არ ვცდები, დაახლოებით 80 ლარი გადავიხადე (სასურველია გამგზავრებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე ჩაიტაროთ). ვაპირებდი ასევე მალარიის საწინააღმდეგო აბების მიღებას, თუმცა იმდენი გვერდითი მოვლენები აქვს და ისე აზიანებს ღვიძლს, გადავწყვიტე, არ მიმეღო. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, უგანდა ამ მხრივ უფრო საშიშია და საზღვარზე ყვითელი ცხელების ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება მოგთხოვონ და თუ არ გქონდათ, შეიძლება, გამოგაბრუნონ კიდეც.
4) ვიზა
ტანზანიის ვიზა მე ავიღე პირდაპირ საზღვარზე, შევავსე კითხვარი, გადავიხადე 50 დოლარი. რა თქმა უნდა, მქონდა დაზღვევა და ყოველი შემთხვევისთვის, წავიღე ყვითელი ცხელების ვაქცინაციის ჩატარების საბუთიც, თუმცა ახლა გადავხედე სავიზო ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე და კენიაზე ცალსახად წერია, შეგიძლიათ, მოკლევადიანი ვიზა აიღოთ საზღვარზეო და ტანზანიაზე წერია, ტურისტული ვიზისთვის განაცხადი უნდა შეავსოთ რუსეთში ტანზანიის საელჩოს საიტზეო, მოკლედ, დასაზუსტებელია ეს ინფორმაცია, არ ვიცი, ერთ წელიწადში რამე შეცვალა თუ უბრალოდ უზუსტობაა.
5) ჯანმრთელობის დაცვა
არ უნდა გამოიყენოთ ონკანის წყალი სასმელად და კბილების გასახეხად, სასურველია, არ წახვიდეთ შორტებით და მოკლესახელოებიანი მაისურებით, უკეთესად დაიცავთ თავს სიცხისგან და მწერებისგან. წაიღეთ მწერებისგან დამცავი რეპელენტები (საქართველოში ვერ ვიშოვე, ჩამოვატანინე გერმანიიდან, სპეციალურად ტროპიკული ქვეყნებისთვის განკუთვნილი რეპელენტი, როგორც კანზე, ისე ტანსაცმელზე მისასხურებელი), ოღონდ არ გამომიყენებია, ჰქონდა მძაფრი სუნი, თან მწერებიც ნაკლებად იყო, რადგან იქაური ზამთრის, ანუ ჩვენებური ზაფხულის პერიოდში ვიყავი. ძალიან არ ცხელოდა და მწერებიც არ იყვნენ თითქმის. (ოღონდ თქვენ ნუ მომბაძავთ და გამოიყენეთ). ყოველი შემთხვევისთვის, გქონდეთ ალერგიის, დისბაქტერიოზის, გაციების საწინააღმდეგო აბები, ბამბა, სპირტი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან წავედი სიცხიანი, ვირუსიანი და დასუსტებული, განსაკუთრებული პრობლემები არ შემქმნია ჯანმრთელობასთან და აკლიმატიზაციასთან დაკავშირებით. მხოლოდ ერთი დღე ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ვიყავი ცოტა შეუძლოდ მზის დაკვრის გამო.
6) ფრენა
იყო ორი არჩევანი, მე როცა ვიყავი: შედარებით ძვირი თურქიში და თუ არ ვცდები, კატარის ავიახაზები (დაახლოებით 200 დოლარით ნაკლები, მაგრამ რუანდაში გადაჯდომით, რაც რატომღაც ვერ გავრისკე). საბოლოოდ მე ფრენა დამიჯდა ძალიან ძვირი: 1400 დოლარი. ვერ მოვახერხე ბილეთის ყიდვა ერთ თვეზე უფრო ადრე, თავისუფლად შეიძლება, მოიძებნოს გაცილებით იაფფასიანი ვარიანტი. მით უმეტეს, გადავხედე და ორ ვარიანტს სხვა ალტერნატივებიც დაემატა. კონკრეტულად საფარი ტურისთვის ხელსაყრელია ჩაფრენა არუშას აეროპორტში, თუმცა გაცილებით იაფი იყო რეისები კილიმანჯაროს აეროპორტის მიმართულებით, თან ერთი დღე გაჩერდებით ქალაქ მოშიში (რომლის სიახლოვესაც არის კილიმანჯარო), აისეირნებთ კილიმანჯაროზე, მერე წახვალთ არუშაში.
7) ხარჯები
სამწუხაროდ, ერთი წელი გავიდა და ხარჯები შემიძლია დავწერო მხოლოდ მიახლოებით ფრენა როგორც დავწერე, 1400 დოლარი, ტური დაახლოებით 2700 (თითო კაცზე, ვიყავით ორნი). ტურის ხარჯები მოიცავდა: ყველანაირ გადაადგილებას, მათ შორის, აეროპორტის ტრანსფერს, საშუალო დონის სასტუმროებს (სერენგეტიში კეთილმოწყობილ კარვებს, ფიზიკურად არაა სასტუმროები მანდ), სამჯერად კვებას, ეროვნული პარკების მოსაკრებლებს... ვერ გავრისკე მთლად დაბალბიუჯეტური ტური (ჩვეულებრივი კარვებით, უფრო დაბალი დონის სასტუმროებით და ა.შ. ისევ და ისევ ინფორმაციის არქონის გამო. თუმცა შემდეგში თუ მოვახერხე კიდევ წასვლა, თამამად დავგეგმავ მაქსიმალურად დაბალბიუჯეტურ ტურს. ბუნებრივია, თუ წახვალთ მარტო, ერთ კაცზე ხარჯი გაიზრდება, თუ წახვალთ 6 (მაქსიმალური რაოდენობა ერთ ავტომობილზე) ხარჯები შემცირდება მნიშვნელოვნად. ფრენის და ტურისტული პაკეტის გარდა თანხა დამჭირდა მხოლოდ ვიზისთვის (50 დოლარი), სუვენირებისთვის და თიფებისთვის ჯამში დაახლოებით 200 დოლარი დავხარჯე (თიფების გადახდა გიდისთვის ძალიან რეკომენდებულია, თუ გინდათ, რომ რადგან მიდიხართ, ბარემ მაქსიმალურად კარგი მომსახურება მიიღოთ (ტურისტულებს მითითებულიც კი აქვთ რეკომენდებული თიფი ერთ ავტომობილზე დღეში 20 დოლარი დაახლოებით).
8)ენა
სუაჰილისთან ერთად ინგლისური არის ტანზანიის ოფიციალური ენა, იცის თითქმის ყველამ (ყოველ შემთხვევაში, იმათ, ვისთანაც მე მქონდა შეხება, იცოდნენ, გიდმა, აეროპორტის და სასტუმროების მომსახურე პერსონალმა, სუვენირების გამყიდველებმა…
9) ვალუტა
ტანზანიური შილინგი, თუმცა ძირითადად დოლარში ვიხდიდი და ერთი უცნაურობა: დოლარის კუპიურას იღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თუ დაბეჭდილია 2006 წლამდე : )) ბევრი გაყალბების შემთხვევაა უფრო ადრინდელი კუპიურებისო და არ იღებენ.
10) მოგზაურობისთვის სასურველი პერიოდი
ტურისტული სეზონი არის თითქმის მთელი წელი, მაგრამ აქვთ წვიმიანი და მშრალი პერიოდები, წვიმიანი სეზონი არის აპრილიდან ივნისის დასაწყისამდე და ოქტომბრიდან დეკემბრამდე. წვიმიანი სეზონი როგორც მითხრეს, ასევე ძალიან ლამაზია, მაგრამ გზა არაა ასფალტიანი და ამ დროს სრულიად შესაძლებელია, ავტომანქანას გაუჭირდეს ტალახში მოძრაობა და ძალიან ბევრი დრო დაკარგოთ გზაში და "ბუქსაობაში". თან ცხოველები გაცილებით ადვილი შესამჩნევია მშრალი სეზონების დროს. საუკეთესო დრო ტანზანიაში ვიზიტისთვის არის თებერვალი, ასევე ივნისი და ივლისი.
11) ხალხი
არიან ძალიან კაი ტიპები ძირითადად, მხიარულები და პოზიტიურად განწყობილები, განსაკუთრებით ბავშვები.
12) გზები
მოშიში და არუშაში კარგი გზებია, მაგრამ სერენგეტისკენ მიმავალი გზა არაა მოასფალტებული, მტვრიანია ძალიან და ცოტა დამღლელი. თვითონ პარკებში რა თქმა უნდა, გზა არაა მოასფალტებული, მიწის საფარია, თუმცა საერთოდ ვერ გრძნობ დისკომფორტს, თან ცხოველებს და ხედებს რომ ათვალიერებ, მით უმეტეს.
13) სანიტარია
დაცულია იმაზე გაცილებით უკეთესად, ვიდრე წარმომედგინა, საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული იყო სასტუმროებიც, ლანჩისთვის განკუთვნილი ადგილებიც, ტუალეტებიც.
14) რა მოლოდინი უნდა გქონდეთ
იმისი იმედით ნუ წახვალთ მაინცდამაინც, რომ პირველივე საფარი ტურზე შეხვდებით ყველა ცხოველს, თუ ძალიან გაგიმართლათ, მაგას რა ჯობია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მით უმეტეს, როცა ჩემსავით ძალიან ხანმოკლე პერიოდით მიდიხართ. ყველაზე რთული სანახავია ლეოპარდი, მარტორქა და გეპარდი, მე მაგალითად, გეპარდი და მარტორქა ვნახე, ლეოპარდი სამწუხაროდ ვერ , ასევე ვერ ვნახე ცხოველების მიგრაცია მდინარეზე, დანარჩენი ლომები, სპილოები, ბეჰემოტები, ჟირაფები, ზებრები, ანტილოპები, ბუფალოები და ა.შ. არის თითქმის ყველგან.
15) სანახავი ადგილები
პირველ რიგში, სერენგეტი. მთავარი ეროვნული პარკი, მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო საფარი ტურებისთვის. უამრავი ცხოველით, ძალიან თავისებური და საინტერესო ლანდშაფტით, მოკლედ, საოცრება. მანიარას ტბა: ტბის მიმდებარედაც არის ცხოველები, თუმცა ნაკლები რაოდენობით, სამაგიეროდ არის ლამაზი ხედები, ბაობაბები, წყლის ფრინველები, თუ გაგიმართლათ, ნახავთ ფლამინგოებსაც, მე მანიარაზე არ გამიმართლა ფლამინგოების ამბავში, სამაგიეროდ გამიმართლა შემდეგ აუცილებლად სანახავ ადგილზე: ნგორონგოს კრატერში და პატარა ტბებში დამხვდნენ. გარდა ფლამინგოებისა, ნგორონგოს კრატერში გაცილებით დიდი შანსია ნახოთ მარტორქა, ვიდრე სერენგეტიში. შევიარე მასაის ტომის ერთ-ერთ სოფელშიც, ძალიან თეატრალიზებული და ხელოვნური კი იყო, მაგრამ მაინც საინტერესო. ერთი დღე ავისეირნე კილიმანჯაროზე. მინდოდა ტარანჯირის ნახვაც, ვერ ჩავსვი გრაფიკში. ტარანჯირი შედარებით მცირე ზომის ეროვნული პარკია, მაგრამ როგორც მითხრეს, არის ძალიან ბევრი ლამაზი ბაობაბი და ცოტა მეტი შანსი მიგრაციის ნახვის. თუ დრო გაქვთ საკმარისად, არუშას ეროვნულ პარკშიც შეიძლება შევლა, მანდ არის ტანზანიაში ჟირაფების ყველაზე დიდი პოპულაციაო, თუმცა მაინც მგონია, მაქსიმალურად მეტი დროის გატარება სერენგეტიში ჯობია, ჟირაფებიც ბლომად არის, სხვა ცხოველებიც და თან უზარმაზარი ტერიტორიაა, ტან ულამაზესი. ასევე ვერ წავედი ზანზიბარზე, არის საოცარი კუნძული ინდოეთის ოკეანეში, სადაც იცურავებთ, გაირუჯებით, თუ სურვილი გაქვთ, დელფინებსაც ნახავთ და მოკლედ, გადასარევი განტვირთვა იქნება ფანტასტიკური, შთაბეჭდილებებით სავსე, მაგრამ მაინც საკმაოდ დამღლელი და დაძაბული საფარი ტურის შემდეგ.16) სუვენირები
ძირითადად, ხის ნაკეთობები, ცხოველები, ნიღბები და ა.შ. მასაის ტომების ხელნაკეთი, საკმაოდ ლამაზი სამკაულები, შარფები და ა.შ. სუვენირების ყიდვა თუ მოგინდებათ, უნდა ივაჭროთ აუცილებლად, ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და სავალდებულოც კი, თუ არ ვაჭრობ, უბრალოდ თვლიან, რომ სულელი ხარ, თავდაპირველად ნათქვამ ღირებულებას 50 და ზოგჯერ 60 პროცენტსაც ისე აკლებენ, როგორც არაფერი, რომ გკითხავენ, სადაური ხარო, ჯორჯიას თქმის მერე პირდაპირ მიაყოლეთ განმარტება, რომ ეს ამერიკის ჯორჯია არაა, პატარა ქვეყანაა და საკმაოდ ღარიბი თან. ამერიკელებისთვის ყველგან „სპეციალური“ ფასები აქვთ, ვიზაც კი სხვებისთვის 50 დოლარი იყო, ამერიკელებისთვის 100.
17) გაითვალისწინეთ, არც კენიაში, არც ტანზანიაში არ გვაქვს საელჩო, ეთიოპია ფარავს ორივეს და მაქსიმალურად მოუფრთხილდით პასპორტს, საბედნიეროდ, მე არ დამჭირვებია და იმედია, არც თქვენ, მაგრამ ეჭვი მაქვს, არ იქნება მარტივად მოსაგვარებელი ამბავი.
ბლოგის ავტორია : ეკა თოფჩიშვილი
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე