Search logo

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი — საქართველოს მუზეუმების უდიდესი გაერთიანება, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი. იგი დაარსდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულებით.

ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი. ქვეყნის წამყვანი მუზეუმების ეროვნულ მუზეუმში გაერთიანების მიზანია ჩამოყალიბდეს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე სამუზეუმო გაერთიანება, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამეცნიერო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის კომპლექსურად, ეფექტურად წარმართვა და კოლექციების შენახვის, მართვისა და უსაფრთხოების ზედმიწევნით უზრუნველყოფა.

ეროვნულ მუზეუმში შემავალი მუზეუმებიდან ყველაზე ძველი, — ს. ჯანაშიას საქართველოს მუზეუმი დაარსდა 1852 წელს, როგორც რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი. 1919 წლამდე მას კავკასიის მუზეუმი ეწოდებოდა. აქ თავმოყრილია მილიონ-ნახევრამდე ექსპონატი, რომელიც ასახავს საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბუნებას, ქართველი და კავკასიის სხვა ერების ყოფას და კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია პეტროგრაფიული, პალეონტოლოგიური, ფლორისტული და ფაუნისტური კოლექციები; უმდიდრესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სამონეტო განძი; XIX და XX საუკუნეების ფოტომასალა.

Museum - ვირტუალური ტური

2004 წლიდან ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორია პროფესორი დავით ლორთქიფანიძე.

პალეონტოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოში აღმოჩენილი განამარხებული ცხოველები, ასევე, დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათრილი "პირველი ევროპელების" - ევრაზიაში მცხოვრები უძველესი ადამიანების (Homo Ergaster) ძვლოვანი ნაშთები, რომელთა ასაკი 1,8 მილიონ წელს აღწევს.

წინაფეოდალური ხანისა და შუა საუკუნეების არქეოლოგიური ექსპოზიციები ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე ნივთიერი კულტურის განვითარების ისტორიას ქვის ხანიდან XVIII საუკუნებდე. მოქმედებს XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი გამოფენა. ეთნოგრაფიული გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველთა ტრადიციული საცხოვრისი, ავეჯი, ტანსაცმელი, სამკაული და იარაღ-საჭურველი.

ლაპიდარიუმში ძველი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები გვერდით გამოფენილია საქართველოში აღმოჩენილი არამეული, ბეძნული, ებრაული, სომხური და არაბული წარწერები, ურარტული წარწერბის კოლექცია კი ერთ-ერთი უმდიდერესია მსოფლიოში.

მუზეუმის საგანგებო საცავში გამოფენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - კახეთსა და თრიალეეთში (ძვ. წ III-II ათასწლ.) ვანსა და ახალგორში (ძვ. წ. V-IV სს.), მცხეთაში, ზღუდერში, ჟინვალსა და ურეკში (I-IV სს.), დმანისში (XIII ს.) და სხვ. აღმოჩენილი ოქრომჭედლობის უნიკალური ნივთები. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოში მოჭრილი და უცხოური მონეტების ყველა ტიპი, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისამდე მიმოიქცეოდა საქართველოში.

 

მსგავსი პოსტები

 ღვინო - საქართველოს სავიზიტო ბარათი
Quiz - საქართველოს რომელ რეგიონშია?
გომისმთა - მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი გურიაში
 რატომ ეწოდა კლდეში ნაკვეთ ქალაქს ვარძია?