რაც არ უნდა ბევრი აღმოვაჩინოთ გიზის პირამიდის შესახებ, როგორც ჩანს საიდუმლოებები ამ არქიტექტურული შედევრის შესახებ ყოველთვის ამოსახსნელი დარჩება. თითქმის 4500 წლის ამ გრანდიოზულ ნაგებობებში ეგვიპტის დიდი ფარაონების მუმიფიცირებული ნეშტები და მათთვის აკლდამაში ჩატანებული ძვირფასეულობა ინახებოდა.
გიზას დიდი პირამიდა იყო ყველაზე მაღალი ადამიანის ხელით შექმნილი ნაგებობა დედამიწაზე 3871 წლის განმავლობაში.
საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, პირამიდებს მონებს აშენებინებდნენ, მაგრამ არქეოლოგიური სამხილებით დგინდება, რომ მშენებლობაზე უბრალო ეგვიპტელები მუშაობდნენ. 100000 მუშა სამთვიან ცვლაში მუშაობდა და მათთვის ეს სავალდებულო სამსახური იყო. მართალია, ეგვიპტე ზღაპრულად მდიდარი ქვეყანა იყო, მაგრამ პირამიდების აშენება იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ თქმულების მიხედვით, ფარაონი ხუფუ თავისი ქალიშვილის სხეულით ვაჭრობდა, რომ მშენებლობისთვის (რომელიც სავარაუდოდ 20 წელიწადს გრძელდებოდა) საჭირო იყო შეეგროვებინა საჭირო რესურსი.
დასრულებული დიდი პირამიდის სიმაღლე თავიდან 146 მეტრი იყო, მაგრამ ეროზიისა და მოოქრული წვერის დაკარგვის შედეგად 137 მეტრამდე შემცირდა.
ამბობენ, რომ ეს განსაცვიფრებელი ნაგებობები ინახავს ძველი ეგვიპტის ფარაონების საიდუმლოებებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია პირამიდები კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენს კიდევ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საიდუმლო გასასვლელი და ბოლოდროინდელი აღმოჩენა გიზის პირამიდაში.
მეცნიერებმა გიზის პირამიდის ცენტრში უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს. მათ მიერ გამოვლენილი დერეფანი სიგრძეში 9 მეტრია, ხოლო მისი სიგანე 2 მეტრს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრომ გაავრცელა. მინისტრ აჰმედ ისას განცხადების თანახმად, გიზის, იგივე ხეოფსის პირამიდაში მიგნებულ გასასვლელს სამკუთხა ჭერი აქვს და ის ამ უზარმაზარი ნაგებობის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მეცნიერები ამბობენ, რომ დიდი შანსია, ახალაღმოჩენილი გვირაბი რაღაცას იცავდეს, უფრო ზუსტად კი ფარაონ ხეოფსის სამარხს.