Search logo

ნიკორწმინდა - გუმბათოვანი ტაძარი ნიკორწმინდაში

ნიკორწმინდა - გუმბათოვანი ტაძარი ნიკორწმინდაში

ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.

ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი თუ მოგზაური წერდა. XVIII საუკუნეში ტაძარი დაუთვალიერებიათ რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს: „გავემგზავრეთ ალექსანდრე მეფის რაჭაში... ეკლესია ქვისაა, დიდი, საქმედ საკვირველი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე... ეკლესიის ახლოს არის ქვის გალავანი ორი კარით. იმავე ეკლესიაში დასაფლავებული არიან მეფის მახლობელი ნათესავები... აკლდამები გამართულია ეკლესიის კედლებში“. ელჩების ჩანაწერებში მოხსენიებულია ეკლესიის გალავანი, რომელიც დღესდღეობით მორღვეულია, მხოლოდ მისი ნაშთებია შემორჩენილი. ხოლო რაც შეეხება მეფის ახლობელთა აკლდამებს, ისინი ძეგლის განახლებისას გადაუფარავთ.

ფაილი:ნიკორწმინდა Nikortsminda 01.jpg - ვიკიპედია


ეკლესია ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. ტაძრის ექსტერიერი რთულია და ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი.ნიკორწმინდა | Georgia Travel ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, ჩუქურთმათა გარდა, მორთულია უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოველები.

აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია ფერისცვალების სცენა, ხოლო სამხრეთ ფრონტონზე ქრისტეს მეორედ მოსვლა და ჯვრის ამაღლების კომპოზიციები, რომლებიც შინაარსობრივად ატარებს უფლის ძლევამოსილების იდეას. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. ტაძრის ეზოში აღმართულია სამსართულიანი სამრეკლო რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.

 

მსგავსი პოსტები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში ტუროპერატორებისთვის ინფო-ტურს ატარებს
ოდა ლუქსი - კოტეჯი ნიკორწმინდაში
საუცხოო ქოხი  - გაატარე ბედნიერი დღეები რაჭაში