ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.
საქართველოში ღვინოს ოდითგანვე ქვევრში აყენებდნენ. ეს არის თიხის უნიკალური ჭურჭელი, რომელიც მიწაში იდგმება, შიგნით ყურძენი ჩაიწურება, დადუღდება, შემდეგ ჰერმეტულად თიხითვე იხურება და იწყება ემოციური მოლოდინი – რა დაგვხვდება, როდესაც ქვევრს მოვხდით.
ქართველებს ეს ემოციური მოლოდინიც ისტორიული აქვთ – სულ მცირე, 8 000-ჯერ განუცდია ეს ემოცია ქართულ გენს. სწორედ ამდენი წლისაა უძველესი ქვევრი, რომელიც საქართველოში იპოვეს. მას შემდეგ ეს უნიკალური ნიმუში მსოფლიოს სამეცნიერო წრეების ყურადღების ცენტრშია.
საქართველოში დღეს ოფიციალურად 27 ადგილწარმოშობის ღვინო არსებობს. ესენია: ატენური, ახაშენი, გურჯაანი, ვაზისუბანი, თელიანი, კარდანახი, კახეთი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, სვირი, ტვიში, ტიბაანი, ქინძმარაული, ყვარელი, წინანდალი, ხვანჭკარა, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ზეგაანი და ოყურეშის უსახელოური.
დიდი და მცირე მარნების გარდა, საქართველოში ღვინოს საოჯახო მეურნეობებშიც უხვად აწარმოებენ, მათ შორის ბევრი - საკუთარი მოხმარებისთვის და დაპატიჟებული თუ დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ამდენად, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ ფართო სპექტრად იშლება ზემოხსენებული ადგილწარმოშობის ღვინოების ქვენაირსახეობები, გემოები, ფაქტურა და სხვა მახასიათებლები.