ვინაიდან ბევრი კითხვა ისმევა ერევანთან დაკავშირებით, გადავწყვიტე ვრცელი პოსტით მომეწოდებინა ინფორმაცია.
თბილისიდან წავედით სადახლოსკენ.
საზღვართან რომ მიახლოვდებით, მგზავრები ბარგით გადმოდიან ავტომობილიდან და ცალკე გადადიან საზღვარზე (ჯერ ქართული მხარეა, შემდგომ იგივე სომხურ მხარეს).
ავტომობილი გადაჰყავს ავტომობილის მფლობელს (ან მინდობილობა უნდა გქონდეთ).
როგორც კი გაივლით ორივე ქვეყნის სასაზღვრო შემოწმებას და გადახვალთ სომხეთის მხარეს, იგივე შენობაში უნდა აიღოთ ე.წ. „დაროჟნი“ (უფასოა). შემდეგ კი შეგხვდებათ წრიული, სადაც არის რამდენიმე ჯიხური და გააფორმებთ დაზღვევას (ძრავის მიხედვით ითვლიან მგონი, ჩვენ 40 ლარი გადავიხადეთ ლარებით და ხურდაც დაგვიბრუნეს ლარში).
ამის შემდგომ წახვალთ ერევნისკენ.
ჩვენ სევანის გავლით წავედით.
სევანამდე არსებული გვირაბი დაგვხვდა დაკეტილი და მოგვიწია სემიონოვკის გავლით წასვლა (რაც არც ისე სასიამოვნო იყო), უკანა გზაზე გვირაბი გახსნილი იყო.
გზა ყველგან ძალიან მოწესრიგებულია, ასფალტის საფარი კარგია, სისუფთავეა.
ყველაზე რთული არის ცარიელ გზაზე 50 ან 60 კმ სიჩქარით მოძრაობა. თბილისიდან ერევნისკენ გზა, ფაქტობრივად, ცარიელი იყო. მხოლოდ სევანიდან არსებულ ავტობანზეა ავტომობილების სიმრავლე.
ერევანში საშინელი მოძრაობაა, წესებს თითქმის არავინ არ იცავს და უამრავ ავარიას შეხვდებით, განსაკუთრებით წვიმის დროს, ყოველ ას მეტრში ავარია იყო.
ხალხს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ქართველებისადმი და ძალიან კარგი გარემოა. ხაჭაპურსაც გადასარევს აცხობენ.
კაფეები მეძვირა, მაგალითად, 5 ფანქეიქი, 4 ამერიკანო და 1 წვენი - 170 ლარი )))
ბენზინი ძვირია, 3 ლარზე მეტი გამოვიდა 1 ლიტრი რეგულარი. შეეცადეთ სავსე ავზით გადახვიდეთ და ცოტა დაამატოთ იქ.
აეროპორტის სადგომზე მანქანის გაჩერება 5-30 დღის განმავლობაში 105 ლარი დაჯდა, რასაც იხდით დაბრუნებისას. გაითვალისწინეთ, რომ მე-10 დღესაც რომ დაბრუნდეთ, მაინც 30 დღის თანხას იხდით, მაგრამ როგორც კი გადაიხდით 14 წუთი გაქვთ პარკინგის დატოვებისთვის, თორემ კიდევ თავიდან მოგიწევთ ცოტას გადახდა.
ავტომობილი დაგვხვდა უვნებელი.
აეროპორტის თანამშრომლები მოწესრიგებული და კარგად განწყობილები არიან. რომ გაიგებენ ქართველი ხარ, ქართულადაც შემოგაგებებენ 1-2 სიტყვას. რიგების კონტროლიც მიმდინარეობს და კომფორტულია მგზავრობა.
ბორტზე ცოტა ქართველი, რამდენიმე სომეხი და ძირითადად რუსები იყვნენ. ასეთი დოზით რუსეთი ცოტა დამთრგუნველია, რა თქმა უნდა, დიდიან პატარიანად წესებს არ იცავენ და ცდილობენ გადაგიარონ.
ჩემი შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან დამღლელია სომხეთის გავლით ფრენა და ქუთაისიდან მაინც უფრო მარტივია. თუმცა, ვინც სომხეთში არ ყოფილხართ, სასიამოვნო გამოცდილება გელით.
ბლოგის ავტორია : ნიკა ჩიტიშვილი
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე