Search logo

მოგზაური და ვლოგერი მარიამ სეხნიაშვილი 1 წელში 19 ქვეყანას ესტუმრა

მოგზაური და ვლოგერი მარიამ სეხნიაშვილი 1 წელში 19 ქვეყანას ესტუმრა


ტაილანდი, ვიეტნამი, მალაიზია, სინგაპური... - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეწვია გრაფიკული დიზაინერი მარიამ სეხნიაშვილი. მოგზაურობა მარიამის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მარიამი არის ვლოგერი და ქმნის სამოგზაურო ტიპის კონტენტს. ჰობი საქმიანობას დაუკავშირა და ყოველთვის მზად არის სიახლეების აღმოსაჩენად. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გეგმავს ახალ ტურს და იწყებს ახალი მოგონებების ძიებას. ერთი გასვლით კი ახერხებს რამდენიმე ქვეყნის მარშრუტი გააერთიანოს. სწორედ ასე მოახერხა 1 წელში 19 ქვეყანაში მოგზაურობა. ამ ეტაპზე ჯამში 43 ქვეყანაშია ნამყოფი და მკითხველთათვის გასაზიარებელიც ბევრი დაუგროვდა.


ქვეყნების სია , რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოინახულა ასე გამოიყურება : 1. ემირატები. 2. იორდანია. 3. ისლანდია. 4. ტაილანდი 5.კამბოჯა. 6. ვიეტნამი. 7. მალაიზია. 8. სინგაპური. 9.კატარი. 10. ომანი. 11.ჩინეთი. 12. ავსტრია. 13. მონტენეგრო. 14. სომხეთი. 15. ბულგარეთი. 16. ჩრდილოეთ მაკედონია. 17. ალბანეთი. 18. ბოსნია და ჰერცეგოვინა. 19. სერბეთი.

სიმართლე გითხრათ, თავადაც ვერ გავიაზრე ეს როგორ მოხდა. უბრალოდ ერთ ქვეყანაში მოგზაურობა არ მაქვს დასრულებული, რომ ახალი მოგზაურობის დაგეგმვას ვიწყებ. საკმაოდ აზარტულია მინდა გითხრათ ეს ყველაფერი.

როდესაც ვმოგზაურობ ვცდილობ ერთი გასვლით რამდენიმე ქვეყანა ვნახო, გაგიკვირდებათ და ფრენა დიდად არ მიყვარს, ამიტომ ხშირად ვაკეთებ ასე.

პირველ ჯერზე ემირატები და იორდანია ერთ ტურად დავგეგმე.

შემდეგ ვეწვიე ისლანდიას.

მესამე გასვლა საკმაოდ ხანგრძლივი იყო. მოგზაურობა ისე დავგეგმე რომ 8 ქვეყანას ვესტუმრე. ჩავედი სომხეთში, საიდანაც გადავფრინდი ბულგარეთში, ბულგარეთიდან კი ბალკანეთის ტური მოვიწყვე. უკვე ავტობუსით გადავადგილდებოდი ქვეყნებს შორის. ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, მონტენეგრო, ბოსნია ჰერცეგოვინა, სერბეთი და ბოლოს ავსტრია. აქ ჩემს მეგობრებს ვესტუმრე, სადაც დავისვენე და უკან სახლში გადმოვფრინდი. სიმართლე გითხრათ ცოტა მეშინოდა ამ ტურის, რადგან ასეთი ხანგრძლივი გასვლა ჯერ არ მქონდა გაკეთებული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა ეს მოგზაურობა.

ამის შემდეგ აზიისკენ ავიღე გეზი და აქაც იგივე პრინციპით ვიხელმძღვანელე. 5 ქვეყნის მონახულება შევძელი. ჩავფრინდი ტაილანდში, ემირატების გავლით (ემირატებშიც რამდენიმე დღე გავჩერდი), ტაილანდიდან ავტობუსით გადავედი კამბოჯაში, შემდეგ კი ვიეტნამში.  ვიეტნამიდან გადავფრინდი მალაიზიაში, მალაიზიიდან კი ჩავფრინდი სინგაპურში. ეს მოგზაურობა 1 თვეზე მეტი გამომივიდა.

სინგაპურიდან ემირატებს ვესტუმრე. საიდანაც უკვე შევუერთდი საკრუიზო მოგზაურობას და ამ მოგზაურობის ფარგლებში კიდევ 2 ქვეყანა მოვინახულე - კატარი და ომანი. აქვე აღვნიშნავ, რომ საკრუიზო მოგზაურობა ჩემთვის პირველი იყო და საკმაოდ განსხვავებული და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

ბოლო მოგზაურობა კი ჩინეთში იყო. საიდანაც ახლახან დავბრუნდი. 

ამ დაუვიწყარ მოგონებებს თან სირთულეებიც ახლავს, რომელიც გამუდმებულ ფრენასთან და მგზავრობასთან არის დაკავშირებული. როგორც მარიამი ამბობს, საზღვარს განსაკუთრებული, აქამდე მისთვის უცნობი ადგილების აღმოსაჩენად კვეთს და არა დასასვენებლად. დასვენებას მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ ახერხებს. მოგზაურობაში ხელს უწყობს პროფესიაც, რომელიც არ მოითხოვს სტანდარტული გრაფიკით ადგილიდან მუშაობას და მისი საქმის შესრულებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ახერხებს. ვადი რამის უდაბნოში, ცივილიზაციისგან შორს, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ძილის ან ისლანდიის მყინვარულ ლაგუნაში ცურვის დროს ის დისკომფორტი, რომელიც მგზავრობით გამოწვეულ გადაღლილობას უკავშირდება რთულია გაგახსენდეს. სწორედ ასეთი შემთხვევები აძლევს მას სტიმულს კიდევ უფრო მეტი იმოგზაუროს.


უამრავ ქვეყანაში მოგზაურობამ მარიამს გარკვეული უსაფრთხოების ჩვევებიც გამოუმუშავა, რაც ძირითადად სასტუმროებს და სამოძრაო მარშრუტებს უკავშირდება. თითოეულ მოგზაურობას მაქსიმალური სიფრთხილით და დეტალებზე დაკვირვებით გეგმავს, რაც უსიამოვნო მოგონებებისგან იცავს. რაც მთავარია სმარტფონი, ყოველთვის თან აქვს, რომელიც დამეთანხმებით ყველა ჩვენგანის მოგზაურობისა და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.


მოგონებებთან ერთად გამოცდილებაც ბევრი დაუგროვდა და დამწყებ მოგზაურებს ურჩევს იმოგზაურონ ბევრი. არ თქვან უარი ახალ შესაძლებლობებზე და მოგზაურობა ეტაპობრივად, ბიუჯეტურად დაიწყონ. მარიამი გირჩევთ, რომ ხშირად ათვალიეროთ ფრენები და მოძებნოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება ყველაზე დაბალ ფასად. თუ მოინდომებთ აუცილებლად ეწვევით იმ ადგილებს, რომელიც შორიდან ასე გიზიდავთ.

ადევნეთ თვალი მარიამს სოციალურ ქსელებში :

Instagram: https://www.instagram.com/mariam_sekh?igsh=enhiaTdqemg3azMx

TikTok: https://www.tiktok.com/@mariamsekh?_t=8nW7433ly1C&_r=1

Facebook: https://www.facebook.com/share/SM91dqPR2cZYL8Mk/?mibextid=qi2Omg

მსგავსი პოსტები