ბლოგის ავტორია : გიორგი ხოტენაშვილი
სიცხის გამო ზაფხულში მოგზაურობაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე ოქტომბრისთვის წავსულიყავი, სანამ სიცივეები დაიწყებოდა და იმდენადაც აღარ ეცხელებოდა. მოგზაურობა არ მიყვარს მაშინ, როდესაც ცხელა, იმიტომ რომ დღეში 25 – 30 კმ_ს გავდივარ საშუალოდ. ვათვალიერებ ყველაფერს - ქუჩებს, მაღაზიებს, შენობებს, ხალხს, რეკლამებს. მოკლედ, როდესაც ტურისტი ხარ, ყველაფერი, ერთი შეხედვით უინტერესოც საინტერესოა შენთვის.
წასვლამდე Couchsurfing_ის ჩემმა ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელთანაც ტრადიციულად ჩვენ-ჩვენ მოგზაურობის ამბებს ვყვებოდით, მკითხა: მოგზაურობის რა სტილს ანიჭებ უპირატესობასო. მოგეხსენებათ მრავალი სახის მოგზაურები არსებობენ: თვითმფრინავით, ავტობუსით, ველოსიპედით, ავტოსტოპით... მე სულ ფრენები მქონდა ხოლმე, ავტობუსით მგზავრობაზე არც მიფიქრია. ჩემმა სტუმარმა კარგად გამარკვია ავტობუსის უპირატესობებზე, მეც ჭკუაში დამიჯდა და შემდეგ ტურში თვითმფრინავის გარდა უკვე ავტობუსიც ჩავრთე. აქვე გავაკეთებ ამ 2 ტრანსპორტის შედარებას და გეტყვით თითოეულის უპირატესობებს:
თვითმფრინავის უპირატესობა ისაა, რომ სწრაფია, მორჩა! ავტობუსის უპირატესობა ისაა, რომ ავტოსადგურები ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც მარტივად მიხვალთ. თვითმფრინავის შემთხვევაში ქალაქიდან საკმაო მანძილით უნდა გახვიდეთ, გადაიხადოთ ტრანსფერის საფასური (რაც ზოგი ქალაქის შემთხვევაში იაფი ნამდვილად არ არის), აეროპორტში უნდა მიხვიდეთ 1.5 – 2 საათით ადრე და ელოდოთ. ჩაფრენისასაც იგივე, გადაიხადოთ ქალაქამდე ტრანსფერის საფასური და მისვლაშიც დრო დახარჯოთ. თუ სალონის ბარგის გარდა, დამატებითი ბარგი გაქვთ, თვითმფრინავის ბილეთი გიძვირდებათ, ავტობუსის ბილეთის ფასზე არ მოქმედებს, თუ ბევრი ჩანთა არ გაქვთ.
ვინც საშუალო სიმაღლის ან უფრო მაღალი ხართ, ალბათ შეამჩნევდით, რომ თვითმფრინავში სკამები ახლო-ახლოა ერთმანეთთან განლაგებული (თუ ფასიანი ადგილი არ გაქვთ აღებული), მე ფეხები სულ მიჭყლეტილი მაქვს ხოლმე. ავტობუსებში იგივე პრობლემა მე პირადად არ მქონია. თვითმფრინავის შემთხვევაში 1.5 თვით ან უფრო ადრე უნდა იყიდო ბილეთი, კარგ ფასში რომ გამოგივიდეს. ასევე გაფრენის დროს ვერ ირჩევ, როდესაც არის, არის. ავტობუსების ალბათ ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ მარშრუტები დღეში მინიმუმ რამდენიმეა, თუ გინდათ დილით გაემგზავრებით, თუ გნებავთ საღამოს. დიდი ხნით ადრე არ არის საჭირო მათი დარეზერვება და ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ფრენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფრენის ბილეთს დიდი ხნით ადრე ყიდულობ და ასევე მცირე გამონაკლისისა. მაგალითად, მე მილანიდან რომში 24 ევროდ გადავფრინდი, მაშინ როდესაც ავტობუსი უფრო ძვირი ღირდა. თუ მეზობელ ქვეყნებში მიდიხართ, მაშინ კიდევ უფრო პრაქტიკულია ავტობუსი (აქ მატარებლის ალტერნატივაც განიხილეთ, თუმცა ცოტა ძვირია, ვიდრე ავტობუსი).
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ასეთი ტური ავაწყე: ქუთაისი > ბერლინი (თვითმფრინავი, 47€), ბერლინი > პრაღა (ავტობუსი, 18€), პრაღა > მიუნხენი (ავტობუსი, 18€), მიუნხენი > ციურიხი (ავტობუსი, 14€), ციურიხი > პარიზი (ავტობუსი, 42€), პარიზი > ვენა (თვითმფრინავი, 45€), ვენა > ბრატისლავა (ავტობუსი, 5€), ბრატისლავა > კრაკოვი (ავტობუსი, 17€), კრაკოვი > კატოვიცე (ავტობუსი, 2€), კატოვიცე > ქუთაისი (თვითმფრინავი, 29€). ტურის მთლიანი ხანგრძლივობა 18 დღე იყო. სად რამდენი ხანი დავრჩი, ამას უკვე ამ და სხვა პოსტებში ნახავთ. მაშ ასე, დავიწყოთ ტურის პირველი ქალაქი - ბერლინით.
ბერლინი გერმანიის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია მოსახლეობით და ფართობითაც. აქ 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
არსებობის ისტორიის მანძილზე ის მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია. იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით. კვება, სასტუმრო არც თუ ისე ძვირია. ჰოსტელის ფასები 13-14 ევროდან იწყება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები ასეთია:
• 1 ბილეთი - 2.9€.
• 1 მოკლე დისტანციის ბილეთი ( 3 გაჩერება) – 1.9€.
• 1 დღიანი ულიმიტო - 8.6€.
წასვლამდე ვიყიდე Museum Pass (29€), რადგან ბევრ მუზეუმში მინდოდა შესვლა და ამ გზით ფულს დავზოგავდი. შონეფილდის აეროპორტში ჩავფრინდი, რომელსაც მეტრო უდგება. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მქონდა იმ დღეს სასიარულო, 1 დღიანი ულიმიტო ავიღე.
პირველი ადგილი, რომელიც ვნახე, იყო ტრეპთაუერის პარკი. გარდა იმისა, რომ ლამაზი პარკია, შეგიძლიათ გაისეირნოთ და დაისვენოთ, მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა საბჭოთა მემორიალია, რომელიც 1945 წლის აპრილ - მაისში, ბერლინის ბრძოლაში დაღუპულ 80 000 ჯარისკაცს ეძღვნება. იგი გაიხსნა 1949 წლის 8 მაისს, ომის დამთავრებიდან 4 წლის შემდგომ. პირადად ჩემთვის საინტერესო ადგილი იყო. შესვლა უფასოა.
აქედან გავემართე East Side Gallery_ს სანახავად. მინიმუმ სურათებში ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ბერლინის მოხატული კედლის ნარჩენი. ეს არის ერთგვარი ღია მუზეუმი, რომლის სიგრძეც 1316 მეტრია და 105 ნახატისგან შედგება. აქვეა გრაფიტის ნამუშევრებიც. ამ ყველაფერში ბევრი ცნობილი მხატვარი იყო ჩართული თავის დროზე. ყველა ნახატს თავისი შინაარსი აქვს, მათ შორის ბევრია პოლიტიკური.
East Side Gallery არის მონუმენტი ბერლინის კედლის დაცემისა, მხარეებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების, საზოგადოებისა და ხალხის შერწყმისა. ამ ადგილს 3 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს ყოველ წელს. ფულს აქ არაფერში იხდით.
აქედან გადავინაცვლე German museum of Technology_ში, სადაც ისტორიული ტექნიკური ნამუშევრების დიდი გამოფენაა, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტი, ნავები, თვითმფრინავები... მინიმუმ ბიჭებისთვის საინტერესო ადგილია. შესვლა მუზეუმ პასით უფასო იყო.
საღამოს ვეწვიე რაიხსტაგის შენობას, ადგილს, სადაც გერმანიის პარლამენტი ზის. აქ მოხვედრა მხოლოდ ტურის დაჯავშნით არის შესაძლებელი, რომელიც უფასოა, მაგრამ დიდი ხნით ადრე თუ არ დაარეზერვეთ, ადგილები აღარ იქნება. მე ისეთი ტური დავჯავშნე, რომელიც მხოლოდ შენობის დათვალიერებას მოიცავდა პარლამენტის დარბაზში შესვლის გარეშე (აქ უკვე ადგილები აღარ იყო). თქვენც გირჩევთ დაარეზერვოთ ტური ამ შენობაში, საინტერესოცაა და კარგი ხედიც აქვს ქალაქზე.
შენობის გვერდით მდებარეობს ბრანდენბურგის ჭიშკარი. რამდენიმე სურათი გადავიღე აქაც და ამით დამთავრდა პირველი დღე.
ღამით Couchsurfing_ით დავრჩი. 21 წლის გერმანელმა ბიჭმა მიმიღო, სტუდენტი იყო. სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, რომელიც პირველად ვნახე ლაივში, კინოებში როგორიცაა, დაახლოებით ეგეთი იყო. მომიყვა თავისი თავგადასავალი მაიამიში გატარებულ დროზე. მეც მინდოდა მომეყოლა, მაგრამ სამწუხაროდ არ მქონდა. აქედან ჩურჩხელა და მაგნიტი ჩავუტანე, გაუხარდა, არ ელოდა როგორც ჩანს.
მეორე დილა დავიწყე Classic Remise Berlin_ის სტუმრობით. ეს არის შენობა, სადაც წარმოდგენილია უამრავი მოდელი ისეთი ბრენდების, როგორიცაა: პორშე, ფერარი, ბუგატი, ლამბორგინი, ფორდი... ასევე ნახავთ კლასიკურ მანქანებს. გამოფენა ნამდვილად დიდია და რაც მთავარია, ძალიან ბევრი ბრენდის ბოლო მოდელები აქვთ წარმოდგენილი. შესვლაც უფასოა.
შემდეგი ადგილი, რომელიც ვნახე იყო Memorial to the Murdered Jews of Europe, რომელიც, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, არის მემორიალი ჰოლოკოსტის ებრაელი მსხვერპლისა. ამ ადგილას არის აგებული სხვადასხვა სიმაღლის და სიგანის 2711 ცალი ბეტონის ბლოკი. ეს ადგილი 1.9 ჰექტარია, ერთი შეხედვით სასაფლაოს ჰგავს, მაგრამ როგორც არქიტექტორები იძახიან, მათ არაფერი აქვთ საერთო. ნახვა უფასოა.
ბოლო ადგილი, რაც იმ დღეს ვნახე იყო ჯაშუშების მუზეუმი. აქ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტექნიკა, ხერხები, რის საშუალებითაც ახდენდნენ მოწინააღმდეგის საიდუმლო ინფორმაციის გაგებას და გადაცემას. ასეთი ადგილები ზოგადად საინტერესოა, მაგრამ რამდენჯერმე უკვე ნანახი მქონდა მსგავსი ტიპის მუზეუმი სხვა ქალაქებში და ამას დიდად აღარ აღვუფრთოვანებივარ. შესვლა მუზეუმ პასით უფასო იყო.
ამ ღამითაც ასევე ქაუჩსერფინგით დავრჩი. ამჯერად ერთმა ბრიტანელმა ბიჭმა მიმიღო, რომელიც ბერლინში მუშაობდა სიმენსის კომპანიაში. დიდი ბინა ჰქონდა ნაქირავები და მარტო ცხოვრობდა. ცალკე ოთახი გამომიყო, თუ რამე გჭირდება მითხარი, პრობლემა არ არისო. ვახშმად სუფრაზე დადო ერთი პამიდორი და ერთი კიტრი. მე ზოგადად ბევრს არ ვჭამო, ორივე დაჭრა სიფრიფანა ნაჭრებად და მოდი ვივახშმოთო. მეც ვერ ვუთხარი უარი და თითო ნაჭერი გადავიღე. ძალიან დიდი სხვაობაა ამ მხრივ ჩვენს და მათ კულტურაში. როდესაც მე ვიღებ სტუმარს Couchsurfing_ით და სახლში 2 სახეობის საჭმელია, დედაჩემი სულ მსაყვედურობს, სტუმარი მიიღე და სახლში არაფერი არ გვაქვს, წადი, რამე ამოიტანეო.
მეორე საღამოს მე ავიტანე სოსისები და რამდენიმე სახეობის გერმანული ლუდი. ძალიან გაუხარდა, არ ელოდა. ზოგადად სიტყვაძუნწი ჩანდა, მაგრამ თითო ბოკალი ლუდის დალევის შემდეგ ვეღარ გავაჩერე, მთელი ამბები მომიყვა სამსახურის, ოჯახის, გერლფრენდის...
ჩემი მესამე და უკანასკნელი დღე ბერლინში დავიწყე მუზეუმების კუნძულის სტუმრობით. ეს ადგილი მდებარეობს მდინარე შპრეეს კუნძულის ჩრდილოეთ ნახევარზე. ასეთი სახელი მასზე განთავსებული მნიშვნელოვანი მუზეუმების გამო მიიღო.
მუზეუმების კუნძულზე სულ 5 მუზეუმია:
1. ძველი მუზეუმი.
2. ახალი მუზეუმი.
3. ძველი ეროვნული გალერეა.
4. ბოდე მუზეუმი.
5. პერგამონ მუზეუმი.
აქ ნახავთ კლასიკური ანტიკვარიატის, სკულპტურების, მონუმენტების გამოფენას, კოლექციებს სხვადასხვა სახის ხელოვნებიდან. აქვთ ასევე კუბოების გამოფენაც. მოკლედ, ბერლინში თუ ჩახვალთ, ეს ადგილი აუცილებლად სანახავია. მუზეუმ პასით შესვლა უფასო იყო ყველგან.
შემდეგ ვეწვიე ბერლინის კათედრალს. ეს არის ძალიან დიდი და ლამაზი შენობა. მისი სიგანე 114 მეტრია, სიმაღლე 116. შიგნიდან კიდევ უფრო ლამაზია და მდიდრულადაც გამოიყურება. შესვლა უფასოა, სახურავზე ასვლა 7€ ღირდა. მე ზევითაც ავედი, რათა ქალაქის ხედი დამენახა.
ბოლო ადგილი, რაც ბერლინში ვნახე იყო ჰუმბოლდტის მუზეუმი, რომელიც 25 მილიონზე მეტ ზოოლოგიურ, პალეონტოლოგიურ და მინერალოგიურ სახეობას მოიცავს. განსაკუთრებით განთქმულია ორი უნიკალური გამოფენით: მსოფლიოში უდიდესი დინოზავრის ინსტალაციითა და დღემდე ცნობილი უძველესი ფრინველი არქეოპტერიქსის ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშით. შესვლა უფასო იყო მუზეუმ პასით.
ასეთი გამოვიდა ჩემი სტუმრობა გერმანიის დედაქალაქში. ვნახე შემდეგი ადგილები:
• ტრეპთაუერის პარკი.
• East Side Gallery.
• German Museum of Technology.
• Classic Remise Berlin.
• Memorial to the Murdered Jews of Europe.
• German Spy Museum Berlin.
• Museum Island_ის ხუთივე მუზეუმი.
• ბერლინის კათედრალი.
• ჰუმბოლდტის მუზეუმი.
ზოგი მათგანი უფასოა, დანარჩენებში მუზეუმ პასით შეხვალთ უფასოდ.
ბერლინმა ჩემი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზოგადად ქალაქი ძალიან ლამაზია, უამრავი დიდი პარკია, ზოგში იმხელა ხეები დგას ისეთი სიხშირით, რომ ფაქტობრივად ტყემდე არაფერი უკლია. ყველა ქუჩაზეა ველოსიპედისთვის გამოყოფილი ბილიკები, ბევრი ხალხიც სარგებლობს მათით. არის უამრავი მუზეუმი და სანახავი ადგილი. ასევე, როგორც ამბობენ, ბერლინს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ღამის ცხოვრება აქვს, მე უბრალოდ არ მაინტერესებდა და კლუბებში არ შევსულვარ.
გერმანიის დედაქალაქის კვალობაზე არ არის ძვირიანი ქალაქი, განსაკუთრებით ლუდია იაფი. 4-5 სახეობის გავსინჯე, ერთმანეთზე უკეთესები. გაგიკვირდებათ და 0.6€ არის 0.5 ლიტრიანი ქილის ფასი. საკვებიც არ არის ძვირი. თუ ყველაფერს წინასწარ დაგეგმავთ, ჩემი აზრით 3 დღე საკმარისია სანახავად.
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე