ავღანეთი — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. არის ერთ–ერთი უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში. 1978 წლიდან ქვეყანაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი.
ესაზღვრება დასავლეთით ირანს, სამხრეთით და აღმოსავლეთით — პაკისტანს, ჩრდილოეთით — უზბეკეთს და ტაჯიკეთს, ძალიან მცირე ზოლზე აღმოსავლეთით ავღანეთი ესაზღვრება ჩინეთს და სამხრეთით ინდოეთს. ავღანეთი მდებარეობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარზე და წარმოადგენს ვაჭრობისა და მიგრაციის უძველეს ცენტრს. მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა სამხრეთ და ცენტრალურ აზიას შორის, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთს შორის, საშუალებას აძლევს მას მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებში.
2001 წელს ოპერაცია „შეუზღუდავი თავისუფლების“ ფარგლებში ავღანეთის ე. წ. „ჩრდილოეთის ალიანსის“ ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. მაგრამ თალიბანი საბოლოოდ არ განადგურებულა. მათი ძირითადი ძალები ვაზირისტანის მთებში დაბანაკდნენ. სხვები გადავიდნენ პარტიზანულ ბრძოლაზე ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე.
თალიბების განადგურების შემდეგ წარმოიქმნა თანამედროვე ავღანეთის რესპუბლიკა. 2001 წლის დეკემბერში ბონის კონფერენციაზე ავღანეთის პოლიტიკური მოღვაწე ჰამიდ ქარზაის დაევალა ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაციის ფორმირება. 2001 წლის ბოლოს შეიქმნა ჰამიდ ქარზაის დროებითი მთავრობა. 2002 წელს ლოია ჯირგამ (უმაღლესი საბჭო, რომელშიც შედის ავღანეთის ყველა ხალხის, ტომის და დაჯგუფების ლიდერი), იგი აირჩია ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. 2004 წელს მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ჰამიდ ქარზაიმ. იგი აირჩიეს, აგრეთვე 2009 წელსაც მეორედ ქვეყნის პრეზიდენტად.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ამჯერად, უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალებთან ერთად (ISAF). ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივ საველე მეთაურთა წინააღმდეგობების დაძლევა.