ბევრი ადამიანის ცხოვრება ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, დასახელება არაბული კაუე-დან წარმოიშვა, რაც ენერგიას, ძალას ნიშნავს. ყავის შესახებ ცნობები ძვ. წ. 575 წლიდან მოიპოვება, მისი სამშობლო ეთიოპიაა.
ეთიოპიელი ქალები ყავის მარცვლებს ჯერ მზეზე აშრობენ, შემდეგ ცივ წყალში რეცხავენ და ცეცხლზე ხალავენ. ტრადიციულად, სასმელს ბამბუკის ფინჯნებში ასხამენ და დღეში სამჯერ სვამენ. პატივისცემის ნიშნად კი სტუმრებს უპირველესად ყავას სთავაზობენ.
ენაზ ჰეილი სიამაყით ამბობს, რომ ყავა მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია. ჰეილის სახლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია, რადგან ყავის დასაგემოვნებლად აქ უამრავი ადამიანი იკრიბება. ,,ყავა ჩვენი სახლია. ჩვენ ვრგავთ ყავას, ვიღებთ მარცვლებს, ვყიდით და სარგებლობას ვიღებთ მისგან~, - ამბობს ჰეილი.
თეკლე კაფას რეგიონის ყავის ბიოსფერულ ნაკრძალს უვლის და მიაჩნია, რომ ყავა მისი იდენტობის განმსაზღვრელია, ხოლო ეს უიშვიათესი ფენომენი, ე.წ. ედემის ბაღი, მსოფლიოსთვის ნამდვილი საჩუქარია. მან მთელი ცხოვრება ამ ველურ, ბუნებრივ მცენარეებზე ზრუნვას დაუთმო.
BBჩ-ისთან საუბრისას თეკლე განმარტავს, რომ მართალია, კაფას რეგიონში 5 000 სახეობის ყავის მცენარე ხარობს, მაგრამ ,,ედემის ბაღი~ განადგურების საფრთხის წინაშე მაინც დგას, როგორც სხვა ტყეები. იუნესკოს მონაცემებით, ეთიოპიური მიწის 40% ტყეებით იყო დაფარული, დღესდღეობით კი ეს მაჩვენებელი 3%-მდეა შემცირებული.
მოამზადა ნათია სიბაშვილმა