Search logo

რატომ ეწოდა კლდეში ნაკვეთ ქალაქს ვარძია?

 რატომ ეწოდა კლდეში ნაკვეთ ქალაქს ვარძია?

ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს.

მეფე გიორგი III დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა „აქ ვარ ძია!“, და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს „ვარძია“.

“მდინარე მტკვრის ხეობის ერთ მაღალ კლდესთან ვარძიის გამოკვეთა დაიწყეს. კლდე იფშვნებოდა და გამოქვაბულთა კვეთა გაძნელდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საღამო ჟამს, მშენებლებმა იარაღი იქვე კლდესთან დააწყვეს და დაღლილები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. მეორე დილით სამუშაოდ მოვიდნენ, მაგრამ იარაღი ადგილზე აღარ დახვდათ. დიდი ძებნის შემდეგ იარაღი ახლანდელ ვარძიის კლდესთან იპოვეს. გაკვირვებულნი უკან დაბრუნდნენ და განაგრძეს გამოქვაბულთა კვეთა. საღამოს იარაღი კვლავ იქვე მიატოვეს. მესამე დილით იგივე ამბავი განმეორდა. იარაღი ისევ ნაცნობ კლდესთან გადატანილი აღმოჩნდა. ახლა კი მიუხვდნენ განგებას. ამიტომ ვარძია ამ კლდეში გამოკვეთეს, ხოლო ძველ მიტოვებულ ადგილს ამ ხნიდან ნავარძიევი ეწოდება.”

“მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა.”

ვარძიის შესახებ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.

მსგავსი პოსტები

 ღვინო - საქართველოს სავიზიტო ბარათი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Quiz - საქართველოს რომელ რეგიონშია?
გომისმთა - მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი გურიაში