თუ მალდივებზე ბიუჯეტურად მოგზაურობა გადაწყვიტეთ, მაშინ სპონტანურობა გვერდით უნდა გადადოთ და მარშრუტი წინასწარ განსაზღვროთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ადგილობრივ კუნძულებსა და ატოლებზე მიდი , ხოლო რეისები ყოველდღიურად არ ხორციელდება.
ასე წინასწარ განვსაზღვრე და ავარჩიე განტვირთვისათვის 2 კუნძული და დედაქალაქში მხოლოდ ერთი ღამით დარჩენა გადავწყვიტე, მაგრამ სამყაროს სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული...
ჩემი ნავი, რომელიც დანიშნულების ადგილზე მიმიყვანდა დღის 3 საათზე ასრულებდა რეისს, ასე რომ საკმაოდ დიდი დრო მქონდა მალე მომენახულებინა და გემრიელი კრევეტებიც დამეგემოვნებინა...
ასეც აეწყო დღე, მხიარულად და ძალიან მშვიდად, სიჩქარის გარეშე. ჩემს თვალწინ შებრაწული კრევეტების და ნივრიანი ბრინჯის არომატით გაბრუებულმა ხელოვნურ სანაპიროს მივაშურე, ყავა მივირთვი, მალეს ულამაზესი ბაღი და მეჩეთიც მოვინახულე და ნავსადგურში რეისამდე 30 წუთით ადრე მივედი, ამაყი ვიყავი რადგან დროში ჩავეტიე და როგორც მჩვევია ბოლო წამს არ დაველოდე.
ბილეთი ავიღე, ჩანთა მოვიხსენი, ჩამოვჯექი და ჩემი შინაგანი ხმა გავიგონე - თამთა‼️ თანხა რომელიც გადაინახე თან არ გაქვს.
იგივე სიმშვიდით "ვალიკო"-ს გავხედე და ვუთხარი, რომ თანხა რომელიც მე მომაბარა და მოგზაურობის ბიუჯეტის 70%-ს შეადგენდა, თან არ მქონდა და 3 საათის წინ "ბნბ"-ს სასტუმროში დავტოვე.
ჩემგან განსხვავებით ვალიკოს სიმშვიდის არაფერი ეტყობოდა, როდესაც მოწყვეტით პირდაპირ სასტუმროსაკენ გაიქცა.
ბევრი ირბინა თუ ცოტა ირბინა, სახლს კი მიადგა მაგრამ კარს არავინ აღებდა, არც ტელეფონს უპასუხა და საბოლოო ზუსტად 2 საათი კართან ლოდინში გაატარა, მე კი პორტში მიმავალ გემს გავყურებდი და ვიცოდი სასწრაფოდ გეგმა უნდა შემეცვალა.
თანხა ისეთ დროს დავიბრუნეთ, ჩქაროსნული ნავების ბოლო რეისიც გასული იყო და სხვა გზა გარდა მალეში ყოფნისა აღარ იყო დარჩენილი.
მეორე დღეს ჩემი არჩეული კუნძულის ნაცვლად მააფუშიში, ტურისტულად ყველაზე აქტიურ და ხმაურიან კუნძულზე ამოვყავი თავი, რადგან მხოლოდ ეს გზა რჩებოდა ფულიდოზე დროულად მოსახვედრად.
კუნძული ლამაზი, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა მთავარი ერთი იყო - ისევ ჩემს გეგმას დავუბრუნდი‼️
ბლოგის ავტორია : თამთა კირვალიძე (მთა-მთა . Mta-Mta Traveler )
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე