გამარჯობა! მოკლედ გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს პორტუგალიასა და ბარსელონაზე, რა იცით იქნებ გამოგადგეთ რამეში.
ბარსელონა - ჩემი აღწერის გარეშეც მგონი ყველაფერი ცნობილია, ულამაზესი ქალაქია ენის ჩამგდები არქიტექტურით.
რჩევა - მოშივებულზე ბოდიალისას შეიარეთ Parking Pizza / Pita - ში (Passeig de Sant Joan, 56) არ ინანებთ.
პორტუ - საყვარელი ქალაქი განუმეორებელი ლანდშაფტით. დაიკიდეთ ყველანაირი ტრანსპორტი და იბოდიალეთ რაც შეიძლება მეტი, განსაკუთრებით - ღამე.
რჩევა - შთაბეჭდილებები შეგიძლიათ ერთმანეთს Porto City Park - ში (Parque da Cidade); გაუზიაროთ, ისიამოვნოთ უსუფთავესი ჰაერით და იბოდიალოთ ტბებს შორის - ბონუსად კი ოკეანის ნაპირზეც გაისეირნოთ რაც იქვეა ...
ლისაბონი - ქვაფენილები საინტერესო ქუჩები, ფადუს მომღერლები, ბელემის ნამცხვარი, ლამაზი ხედები, განსხვავებული უბნები ...
რჩევა - ფოტომოყვარულებმა შეგიძლიათ ბრწყინვალე სერია მიუძღვნათ აზულეჟოებს, რომელიც მთელ ქალაქში უამრავია და მგონი არსად მეორდება, მოშივებულზე კი ეწვიეთ Time Out Market -ს, რომელიც ლისაბონის კულინარიული მექაა. ( Av. 24 de Julho 49);
კაბო და როკა - კონტინენტური ევროპის უკიდურესი დასავლეთ წერტილი. აქ რჩევები უადგილოა, რადგან დიდი ალბათობით 20-30 წუთზე მეტს ვერც დარჩებით, გადაიღეთ ფოტოები ოკეანის და წითელი შუქურას ფონზე ჩაისუნთქეთ ჰაერი, ყელი გაისველეთ და გასძახეთ აშშ-ში მყოფ ახლობლებს (თეორიულად მაგ დროს ყველაზე ახლოს იქნებით მათთან).
კაშკაიში - მშვენიერი კურორტი, რომელიც ოდესღაც სოფელი იყო, შემდეგ რომელიღაც მეფემ "მოხოდა" და ახლა ირგვლივ 5 -10 მილიონიანი ვილებია.
რჩევა - თუ ალგარვესკენ აპირებთ გაშრიალებას, აღნიშნული სულ რომ არ ნახოთ (ბევრს) არაფერს დაკარგავთ.
სინტრა - ზღაპრული სილამაზის ქალაქი, ლისაბონიდან არცთუ შორს. მნახველების უმეტესობა "პენა პალასს" და "ქუინტა რეგალეირას" ნახულობს, თუმცა ეს მხოლოდ იმ საოცრებების ერთი ნაწილია, რისი ნახვაც აქ შეგიძლიათ.
რჩევა - თუ ჩვენსავით ბევრნი არ ხართ, ნუ აიღებთ ტურს, წადით თქვენით (ლისაბონიდან) და დაუთმეთ ერთი დღე მაინც ამ ჯადოსნურ ადგილს - ჩამოხვალთ და მადლობას მეტყვით.
ლაგუში - პორტუგალიის სამხრეთით მდებარე ულამაზესი კლდოვანი სანაპირო ბობოქარი და ჩრდილოეთისგან განსხვავებით უფრო თბილი ოკეანით.
რჩევა - ოთხნი მაინც თუ იქნებით დაივიწყეთ ავტობუსი, ფრენა და მატარებელი. იქირავეთ მანქანა და ჩასვლაზე 3-3,5 საათზე მეტი არ დაგჭირდებათ. კლუბურ/პაბური გართობის მოყვარულთათვის იქვეა ალბუფეირაც (ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვასწარით) რაც დაახლოებით ადგილობრივი იბიცაა.
პორტუგალია (ალბათ) არაა იტალიასავით ლამაზი, საფრანგეთივით დახვეწილი, შვეიცარიასავით მოვლილი, ბრიტანეთივით გრაციოზული და ა.შ. თუმცა აბსოლუტურად სხვანაირი და განსაკუთრებული ენერგეტიკის მქონეა, რაც აუცილებლად უნდა ნახო, შეიგრძნო და გამოცადო საკუთარ თავზე...
მეტს აღარ მოგაცდენთ, უმაგრესი იყო და ხვალვე დავბრუნდებოდი უკან - სანახავი კიდევ ძალიან ბევრი დარჩა ...
P.S თუ გაგიჩნდებათ კითხვები ფასებზე, დაბინავებაზე, ტრანსპორტზე ან ნებისმიერ სხვა საკითხზე არ მოგერიდოთ - ვეცდები დაგეხმაროთ შესაძლებლობის ფარგლებში.
P.P.S განსაკუთრებული ”ობრეგადუ” Natalia Te -ს სასარგებლო რჩევებისა და ყურადღებისთვის.
ბლოგის ავტორია : ირაკლი რაზმაძე
ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე