Search logo

"ტელეფონი წამართვა პოლიციამ და ჯარისკაცებმა ერთად, კაშხალთან გადაღებული სურათის გამო" - ჟანა სირბილაძის მოგზაურობა უგანდაში

"ტელეფონი წამართვა პოლიციამ და ჯარისკაცებმა ერთად, კაშხალთან გადაღებული სურათის გამო" - ჟანა სირბილაძის მოგზაურობა უგანდაში

კამპალა და არა მხოლოდ. 
უგანდაში 2 თვე გავატარე და შემიძლია თავისუფლად ვთქვა რომ საუკეთესო მოგზაურობა იყო. 
ვაქცინაცია- წასვლამდე დაგჭირდებათ გარკვეული ვაქცინაციის ჩატარება. მე ნორვეგიიდან წავედი და 10 ვაქცინა გამიკეთეს, ტეტანუსი, ა და ბე ჰეპატიტი და კიდევ ათასი რაღაც, თუმცა უგანდის მხრიდან სავალდებულო მხოლოდ yellow fever -ია. ამ უკანასკნელის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თუ არ გექნებათ, საზღვრიდან გამოგაბრუნებენ. ჰო, მალარიის საწინააღმდეგო წამალი მუდმივად უნდა სვათ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, მე მალარონს ვსვამდი. 
ვიზა- 100 დოლარი ღირს სამ თვიანი, იღებთ საზღვარზე. 
აეროპორტი- კამპალაში ერთადერთი აეროპორტია, ისიც ძალიან პატარა, თუმცა, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული.
მუზუნგუ- ანუ თეთრკანიანი. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ და ყველგან ვიღაც რაღაცას გიყვირის. ზოგადად, დადებითი ემოციები მოდის, მაგრამ არის ბევრი ვინც შენგან რაღაცას მოელის. რადგან თეთრკანიანი ხარ, ყველას ვოლსტრიტელი ბიზნესმენი ჰგონიხარ.  ბევრმა შემომთავაზა მისი პროდიუსერი გავმხდარიყავი, ჩემ ქვეყანაში წამოყვანა, ვერაფრით ვაჯერებდი ხალხს, რომ  არც მე ვიყავი დალხენილი ქვეყნიდან.  
გარემო- საკმაოდ დაბინძურებული, კამპალას მდიდარ ნაწილს თუ არ ჩავთვლით. არ მიეკაროთ არც ტბას და არც მდინარეს, საშიშია. წყალი უდიდესი პრობლემაა, თუ წვიმიან სეზონზე მოხვდებით, უკეთესია, ნაკლები პრობლემები გექნებათ.
ამინდი- საუკეთესო... +18 დან +32 მდე მერყეობს ტემპერატურა, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენეული გაგებით წელიწადის რა დროა. წვიმიან სეზონზე იკლებს, შემდეგ იმატებს.
საჭმელი- საუკეთესო მანგო, ბანანი, ანანასი, საზამთრო, ავოკადო და რაც მთავარია ძალიან იაფად. საღამოს იწყება ფასთ-ფუდის დრო, საუკეთესოა როლექსი, იგივე roll eggs. მსგავსი ისტორია აქვს, რაც ჰოდორს, hold the door-იდან რომ ჰოდორამდე ჩავიდა. არ ჭამოთ თევზი გარეთ და ხორცეულს მოერიდეთ. გამომშრალი ბანანის ჩირი ძალიან იაფია და უგემრიელესიც.


სიგარეტი- არ იყიდება მაღაზიებში, რელიგიურია საზოგადოება, ადგილობრივებს ჰკითხეთ და მიგასწავლიან  საჭირო ადგილს. 
ფული- აღარ მახსოვს როგორაა ზუსტად, მაგრამ მახსოვს, რომ 150 დოლარად მილიონერი გავხდი.
რელიგია- ნაწილი მუსლიმია ნაწილიც ქრისტიანი. ერთად, ტკბილად თანაცხოვრობენ, განსაკუთრებით კამპალაში. 
ქრთამი- 20$ მუდამ მზად გქონდეთ.  როგორც წესი უსამართლოდ გთხოვენ, მაგალითად, მე ტელეფონი წამართვა პოლიციამ და ჯარისკაცებმა ერთად, კაშხალთან გადაღებული სურათის გამო, 20$ მივეცი და დამიბრუნეს.
ქსოვილები- საუკეთესო, ულამაზესი ქსოვილების ბაზრებია. ერთი პერიოდი დიზაინერობასაც მოვკიდე ხელი.

ქურდობა- კამპალაში არ ატაროთ ძვირადღირებული ნივთები, შეინახეთ ტელეფონი და კამერა. ადგილობრივების ხუმრობებიდან: ტოკიოში ქურდების დამთვლელი მანქანა დადგეს და იდგა წლობით თავისთვის. ლონდონში იგივე მანქანა ორ თვე იდგა, 10 ქურდი დაითვალა და შემდეგ ქურდებმა გააფუჭეს. კამპალაში დადგეს, მაგრამ დათვლა ვერ მოასწრო, ქურდებმა მოიპარეს. 
ტრანსპორტი- მინიმარშუტკები, სადაც რეალურად 10 ადამიანი ეტევა, მაგრამ მარშუტკაში შეტენვის სპეციალისტი ჰყავს ყველა მძღოლს და მინიმუმ 20 კაცს სვამენ. უფრთხილდით მოტოციკლეტებს, ე.წ. ბოდა-ბოდებს.
საფარი (დაცული ტყე-პარკი) ძალიან ბევრი და საინტერესო სანახავია უგანდაში, მაგრამ ერთი საფარი დაახლოებით 500$ ჯდება.
სასმელი-ყველაზე მსმელი ერია, ამიტომ ყველა ბედნიერია. ბანანის ჭაჭა (ვარაჯი) საუკეთესოა.
და ბოლოს, მითი, რომ ყველა აფრიკელი მუსიკალურია, მართალია.
ჰო, აფრიკულ ნაწნავებში მხოლოდ 20$ გადავიხადე, მაგრამ კილო ნახევარ თმას თავზე ორ კვირაზე მეტი ვერ გავუძელი. 
მოკლედ, საუკეთესოა აფრიკა, ბევრის დაწერა მინდოდა, მაგრამ ესეც დიდი გაჭირვებით დავწერე ტექნიკური პრობლემების გამო.)

 

 

ბლოგის ავტორია : ჟანა სირბილაძე

ბლოგი დაფუძნებულია ავტორის პირად გამოცდილებაზე

მსგავსი პოსტები